“მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია“–ზელენსკი კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრის დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთმა სარაკეტო შეტევა მიიტანა პოლტავის ოლქში, ქალაქ კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე. მისი თქმით, ცენტრში ათასზე მეტი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა.

“სავაჭრო ცენტრი იწვის, მაშველები ხანძარს აქრობენ, მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია“ – დაწერა ზელენსკიმ და შემთხვევის ადგილიდან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ცეცხლში გახვეული სავაჭრო ცენტრი ჩანს.

“არანაირი სტრატეგიული ფასეულობა. უბრალოდ ადამიანების სურვილი, ნორმალურად იცხოვრონ, ასე აბოროტებს ოკუპანტებს“– წერს ზელენსკი.

 

მანამდე პოლტავის ოლქის ადმინისტრაციის მეთაურმა, დმიტრი ლუნინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემენჩუგზე რუსებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს. კრემენჩუგის მერის, ვიტალი მალეცკის თქმით, რაკეტა მოხვდა ძალიან ხალხმრავალ ადგილს, რომელსაც საბრძოლო მოქმედებებთან საერთო არაფერი აქვს.

ადგილობრივ ტელეგრამ არხებზე წერენ ქალაქის თავზე წამომართულ კვამლის სვეტებზე და დაღუპულთა დიდ რაოდენობაზე.

უკრაინის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით ჯერჯერობით დადასტურებულია ორი ადამიანის სიკვდილი. 20 დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქედან 9 მძიმე მდგომარეობაშია.

სამაშველო სამსახური წერს, რომ ხანძარი 10 ათას კვ.მ. ფართობზე გავრცელდა და მას 115 მეხანძრე და 20 სახანძრო მანქანა აქრობს. ადგილზე გაიგზავნა სახანძრო მატარებელი.

სავაჭრო ცენტრი მთლიანად განადგურებულია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ტერორის სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული:

“კრემენჩუგი. ხალხმრავალი ადგილი. ჩვეულებრივი დღე. რუსებმა რაკეტა ესროლეს სავაჭრო ცენტრს. ისინი ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს დაარტამდნენ. მაგრამ ყველაზე ავადმყოფური წარმოდგენაც კი ვერ დაუშვებდა, რომ ასეთ ცენტრებად ისინი სავაჭრო ცენტრებს თვლიან… მეტი იარაღი გვჭირდება, რომ ჩვენი ხალხი დავიცვათ. საჰაერო თავდაცვის სისტემები გვჭირდება. რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული“–დაწერა ერმაკმა.