UEFA–მ ფეხბურთში არსებული დისკრიმინაციული განწყობების შესახებ ფილმი გადაიღო, რომლის ერთ-ერთი გმირი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე გურამ კაშიაა.
კაშია ფილმში 2017 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ ვიტესის კაპიტნის როლში ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაური გაიკეთა. ამ ჟესტს საქართველოში ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტი მოჰყვა. კაშია ყვება, რომ თავად გამოსცადა ბულინგი.
“როდესაც ნაკრებში უნდა მეთამაშა, მატჩის დაწყების წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, ბევრ ცუდ და ნეგატიურ კომენტარს მიწერდნენ. რთული დრო იყო ჩემთვის. არ მეგონა, რომ ამდენი ზიზღი იქნებოდა. ასეთი რაღაცები დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე და ზოგჯერ მტკივნეულია. წარმომიდგენია, რამდენად რთულია, როცა ასეთი ბულინგის მსხვერპლი ხარ. ეს თავადაც გამოვცადე. უფრო მეტად ჩემს ოჯახზე ვდარდობდი. ვდარდობდი, მაგრამ მშობლებმა მითხრეს, რომ ვიცოდი რა იყო სწორი, მათ მე თავდაჯერებულობის გრძნობა გამიჩინეს”, — ყვება კაშია ფილმში.
2017 წლის ოქტომბერში, გურამ კაშიამ მატჩისას ხელზე ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური გაიკეთა, რაც ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილი იყო. ჰომოფობიური ჯგუფების აგრესიის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და კამპანია #გურამშენთანვარ დაიწყეს. მათ გარდა, კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციამ, თანაგუნდელებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, სახალხო დამცველმა და სხვებმა.