ისრაელელი ქალი, მაიან ზინი ამბობს, რომ მისი მძევლად აყვანილი ქალიშვილების ვიდეომ, რომელიც ჰამასის ჯგუფმა გამოაქვეყნა, მას იმედი გაუჩინა, რომ ისინი ცოცხლები არიან.
რვა წლის ელა და მისი 15 წლის და, დაფნე, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დროს გაიტაცეს.
ამის შემდეგ ჰამასმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ელას მახლობლად დგას. ჯგუფმა ასევე გაუგზავნა დაფნის ფოტო დედას, მაიან ზინის, რომელშიც გოგოს პიჟამო აცვია, ის ღაზას სექტორშია გადაღებული.
ზინმა AFP-ს განუცხადა, რომ ის ფოტოებს ყოველდღე უყურებს, რადგან ეს არის “დადასტურება იმისა, რომ ისინი ცოცხლები არიან”.
”ზოგჯერ წარმომიდგენია, რომ ისინი აუპატიურებენ ან სცემენ მათ”, – განუცხადა მაიან ზინმა ჟურნალისტებს. ”მაგრამ შემდეგ ცოტა ოპტიმიზმი მიჩნდება და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ იქ ბევრი ბავშვია, ისინი ალბათ კარგად ექცევიან მათ.”
ის ამბობს, რომ ყოველთვის ოცნებობს მათ დაბრუნებაზე და თუ მათ კვლავ ნახავს, სურს “დიდი საწოლი იყიდოს, რათა სამივემ ერთად დაიძინოს”.
მაიან ზინს არ უნახავს შვილები მას შემდეგ, რაც მათ თელ-ავივი დატოვეს და მამასთან შესახვედრად წავიდნენ. მამა ჰამასის თავდასხმის დროს მოკლეს.
იმავდროულად, ისრაელის გაზეთ Times of Israel-ისა და Kan News-ის თანახმად, გატაცებული ისრაელელების ზოგიერთმა ოჯახმა დაიწყო ჰამასისგან ტექსტური შეტყობინებების მიღება, რომლითაც მათ სთხოვდნენ დააჭირონ ბმულს, რათა მიიღონ ინფორმაცია საყვარელი ადამიანების შესახებ.
“ეს არის მესიჯი ალ-კასამისგან [ჰამასის სამხედრო ფრთა]”, – ჩვენ შევთავაზეთ თქვენს მთავრობას პატიმრებში მძევლების გაცვლა, მაგრამ უარი გვითხრეს“ –ნათქვამია მესიჯში.