პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილები ერთადერთი ფორმულა ოპოზიციის ერთიანობაა და არ უნდა ამ ერთიანობაში განხეთქილება შეიტანოს:
“თუ ხელისუფლების ცვლილებაზე ვთანხმებდით, მაშინ ამის ერთადერთი ფორმულაა ერთობა. ამის გარეშე არც ერთ ცალკე აღებულ ძალას ამის გაკეთების არანაირი რესურსი და შანსი არ აქვს. თუ ერთობა არ იქნება, ამას ვერ მივაღწევთ. თუ იმისთვის ვიბრძვით, რომ ოპოზიციური სკამები მოვიპოვოთ პარლამენტში, მე ამის ამბიცია არ მაქვს. დარწმუნებული ვარ – არც ბევრს. რადგან მთავარ მიზანს ვიზიარებთ, მაშინ ერთობა უნდა შედგეს რაც შეიძლება მალე.
დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია – ერთ მანდატს ვიყოფთ ხუთი პარტია 7 კაცის მეშვეობით. ერთი კაცია ზედმეტი რომელიღაც. რადგან ერთია ზედმეტი, ამ ერთს ზედმეტად განვიხილავ ჩემ თავს და ჩემ საკითს საერთოდ ვხსნი დღის წესრიგიდან. არ დავაყენებ თბილისში ჩემ კანდიდატურას და 6 ადამიანი 6 მანდატს დასჯერდება, ექვსი ადამიანი დარჩება 6 ადგილის გადასანაწილებლად, არანაირი პრობლემა აღარ იქნება და 20 ივნისს ჩვენ საზოგადოებას უნდა გამოვუცხადოთ, ვინ იქნება ის ექვსი ადამიანი, ვისზეც ოპოზიცია შეთანხმდება. არსად არ დავაყენებ კანდიდატურას.
იმის გამო, რომ ჩემი ციხეში ყოფნის დროს რაღაც საუბრები მიდიოდა და ამ საუბრებში შეთანხმების კონტურები გამოიკვეთა, პრობლემას ვხსნი. ექვსი ადამიანი რჩება მარტო. ამ შეთანმხენბას წერტილი დავუსვათ, ვთქვათ, რომ ერთიანი გუნდით გავდივართ ყველანი.
თუ შეთანხმებას რაიმე საფრთხე დაემუქრება, არ შევიტან დისკომფორტს და მურმანის ეკლის როლს არ ვითამაშებ. მარტო პროპორციულ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. სოფელ-სოფელ, უბან-უბან, ქუჩა-ქუჩა ვივლი პროპორციული ხმებისთვის. თბილისში, ვინც არ უნდა დააყენოს ოპოზიციამ, ყველას დავეხმარები. მეშინა, ერთი რამის – ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ, ისევ ივანიშვილი არ დავტოვოთ ხელისუფლებაში ერთმანეთში შეუთანხმებლობის შედეგად.
თბილისში ორი ადამიანი უპირობოდ არის ისეთი, რომელსაც თვალდახუჭული უპირობოდ დავუჭერ მხარს – ელენე ხოშტარია და ალეკო ეკლისაშვილი. სხვები ჯერ მე თვითონაც არ ვიცი. 20 ივნისს ჩვენ თბილისს უნდა ვუთხრათ, შევთანხმდით თუ არა და ვისზე შევთანხმდით. ჩემს საკითხს საერთოდ ვაგდებ დღის წესრიგიდან. ბევრი ვიფიქრე ამაზე, ადვილი გადასაწყვეტი არ იყო. სულ რაღაც ცაიტნოტში ვიყავი, სულ აკრძალული მეთოდით, წელს ქვევით დარტყმით მჩეხავდნენ ხოლმე. საბოლოო ჯამში, კონკურენციაა ჩვენს შორის, კონკურენტებიც ვართ. იმის მაგივრად , რომ მე გადავსულიყავი პარტიული ორგანიზაციის მშენებლობაზე, სტრუქტურის განვითარერბაზე, ან პროგრამაზე მუშაობა დამეწყო, მიჭერდნენ ან ქვეყნიდან მაგდებდნენ.“– განაცხადა ოქრუაშვილმა.