საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად პარლამენტმა ზაზა აბაშიძის (98 მომხრე), ბონდო მძინარაშვილის (95 მომხრე, 13 წინააღმდეგი) და გრიგოლ მურღულიას (92 მომხრე, 1 წინააღმდეგი) კანდიდატურები დაამტკიცა.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე კენჭი სულ ოთხ კანდიდატს უყარეს, თუმცა, დოდო შონავას კანდიდატურა ჩავარდა (44 მომხრე, 4 წინააღმდეგი).
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის მიერ პარლამენტისთვის ზაზა აბაშიძის, თამარ ამაშუკელის, ნათია კაპანაძის, გრიგოლ მურღულიას, ბონდო მძინარაშვილის, დოდო შონავას, კონსტანტინე ჩლაიძის და ზაურ ხალილოვის კანდიდატურები იყო წარდგენილი.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პლენარულ სესიას, სადაც ამ წუთებში კანონპროექტებს კენჭს უყრიან, „ევროპული საქართველოს” წევრები ესწრებიან. სხდომაზე ისინი რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.