მწერალთა სახლი “სულაკაურის გამომცემლობას სოლიდარობას უცხადებს

მწერალთა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს „სულაკაურის გამომცემლობას“ და დაუშვებლად მიიჩნევს მათ წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.

“მწერალთა სახლი დაუშვებლად მიიჩნევს „სულაკაურის“ გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.

ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია; ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული.

მწერალთა სახლი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ პირველ გამომცემლობას და პროფესიონალთა გუნდს, რომელთა დამსახურებითაც უკვე 24 წელია, საქართველოს მოქალაქეები ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, საბავშვო და საყმაწვილო პროზასა და პოეზიას, საგანმანათლებლო და შემეცნებით ლიტერატურას ეცნობიან.

მწერალთა სახლის ისტორია ქართული მწერლობის ცენზურის ისტორიაცაა, რომლის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს უფლებას ყველას შევახსენოთ, რომ „წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულიც არსებობს. ერთ-ერთი – მათი წაუკითხაობაა.“–ნათქვამია განცხადებაში.