კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა, რატი თორდია ეჭვობს, რომ მისი შვილი უყურადღებობის მსხვერპლი გახდა. როგორც რატი თორდია ambebi.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, 19 წლის გოგონა კლინიკაში იქამდე არ გადაიყვანეს, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა.
მამა ყვება, რა პრობლემების წინაშე დადგა მისი შვილი, როცა საბოლოოდ, გართულებული მდგომარეობით კოვიდსასტუმროდან კლინიკაში, ჯანდაცვის სისტემის მიერ გამოყოფილი სპეციალური “მარშრუტკით” გადაჰყავდათ. ოჯახის ინფორმაციით, 19 წლის გოგონას გზაში ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა, რომელიც “მარშრუტკაში” არ აღმოჩნდა.
„ჩვენ მთელი ოჯახი ინფიცირებულები ვიყავით, მაგრამ ვინაიდან თეკლას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მასზე ვიყავით მთლიანად გადართულები. სულ იზომავდა შაქარს, დღეში რამდენჯერმე. ხანდახან კი აუწევდა, მაგრამ შემდეგ ისევ ნორმაში ბრუნდებოდა და საერთო ჯამში, მდგომარეობა იყო მსუბუქი. მეექვსე დღეს დაეწყო ხველა, მოემატა ტემპერატურა, შაქრის მაჩვენებელსაც ვერ ვარეგულირებდით. დავურეკეთ ოჯახის ექიმს და მოვითხოვეთ კლინიკაში გადაყვანა. ჯერ არც გვიპასუხა წესიერად, არ მცალია ახლაო და შემდეგ სერთოდ არ პასუხობდა ჩვენს ზარებს. შემდეგ სხვა ოჯახის ექიმი ჩავრთეთ საქმეში და მან გვითხრა, რომ არცერთ კლინიკაში ადგილი არ იყო და ერთადერთი რაც შეეძლოთ, კოვიდსასტუმროში გადაყვანა იყო“,-აცხადებს რატი თორდია.
მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში “რემდესივირის” ჩართვა ითხოვეს, რაზეც აუხსნეს, რომ უკუჩვენება ახასიათებს.
“იქ გახლავთ იგივე სიტუაცია, რაც არის სახლში. არანაირი განსხვავებული პირობები არ არის შექმნილი პაციენტის განკურნებისთვის. ექიმი კი ჰყავთ, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და საჭირო მედიკამენტები. პირველ დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახეთ სასწრაფო. მოვიდნენ მიაწოდეს ჟანგბადი, მედიკამენტები, ვითარება დასტაბილურდა და წავიდნენ. ვთხოვეთ, კლინიკაში გადაეყვანათ, თან მკურნალი ექიმიც ამბობდა, რომ საჭირო იყო ჰოსპიტალიზირება, მაგრამ არ არის ადგილებიო და წავიდნენ.
რომ ვხედავდით მძიმდებოდა სიტუაცია, კოვიდ-სატუმროს ექიმს ვთხოვეთ, “რემდესივირი” ჩაერთოთ მკურნალობაში. არ გვაქვსო არ უთქვმთ, მაგრამ აგვიხსნეს, რომ უკუჩვენებები ახასიათებს და ვერ გარისკავდნენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხომ ყოფილა ეს „რემდისივირი“ ეფექტური. თუ ბატონმა თენგიზ ცერცვაძე გადაისხა და გამოჯანმრთელდა. ხომ შეიძლებოდა ჩემი შვილისთვის მიეცათ და იქნებ ისიც გამოჯანმრთლებულიყო?! სამაგიეროდ მკურნალობაში ჩართეს დექსამეტაზონი, რომელიც როგორც ცნობილია, შაქარს მაღლა წევს და არ არის რეკომენდირებული.
კოვიდ სასტუმროში გადაყვანიდან მეორე დღეს მძიმედ იყო უკვე, წაიყვანეს ანალიზებზე, სპეციალური “მარშუტკები” ჰყავთ ამისთვის. რომ აუღეს ანალიზები და უკან ბრუნდებოდნენ, საცობში გაჭედილან. ბავშვი ისედაც ძლივს სუნთქავდა, ჟანგბადის აპარატი იქ არ ჰქონდათ და კიდევ საცობში იდგა იმდენი ხანი. “მარშუტკიდან” მწერდა, მამიკო ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის და არ ვიცი როგორ ჩამოვალ ან ჩამოვალ კი საერთოდ ამ “მარშუტკიდანო”. ესენი მე მომკლავენ, როგორც ვატყობ, უკეთესობას ვერ ვხედავ და არაფერს არ მიკეთებენ ისეთსო. ძალიან ეშინოდა მისი დაავადების, დიაბეტის და კორონავირუსი რაც დაემართა, მას მერე სულ შიში იყო, რამე არ მომივიდესო“,-აცხადებს გარდაცვლილის მამა რატი თორდია.
მისივე თქმით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა.
„ რომ ვიხვეწებოდით კლინიკაში გადაყვანას და არავინ ჩანდა, თან ეს ბავში სულ უფრო მძიმდებოდა, საუბარს შეესწრო “გერმანული ჰოსპიტალის“ ექიმი , ძალიან შეწუხდა და მან უზრუნველყო ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. მანამდე გვეუბნეოდნენ, ნაცნობი არავინ გყავთო? შევარდნაძის დრო გამახსენდა… საბოლოოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დაგვიანებული იყო. უეცრად დამძიმდა და აპარატზე შეაერთეს. თავიდანვე შეგვამზადეს, გვითხრეს მდგომარეობა მძიმეა, ორი საათი ვუკეთებდით ხელოვნურ სუნთქვას, მაგრამ შედეგი არაფერიაო. 5 დღე იყო აპარატზე შეერთებული. ამ პერიოდში დაუწიეს შაქარი, პერიოდულად ტემპერატურაც, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინეს. როგორც გვითხრეს, სავარაუდო მიზეზი გახდა თრომბოემბოლია.
კითხვაზე, ხომ არ გახდა გოგონა დაუდევრობისა და შეცდომების მსხვერპლი და აპირებენ თუ არა სამართლებრივ ბრძოლას, გარდაცვლილის მამა დასძენს: „ამაზე ვმსჯელობთ მე და ჩემი მეუღლე, ჩემს მეუღლეს უფრო აქვს ამის სურვილი. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ფაქტია, რომ უყურადღებობის მსხვერპლი გავხდით. ახლა ისეთ მძიმე დღეში ვართ ვერაფერს გეტყვით დაზუსტებთ. მაგრამ განვიხილავთ ამ საკითხს და ალბათ ასეც იქნება“.