ლიტერატურულ პრემია საბას მწერალი თეონა დოლენჯაშვილი უნდობლობას უცხადებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა:
“ძალიან გული მწყდება რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო ლიტერატურული პრემია ,,საბა”ს! პრემიას , რომლის ორგზის ლაურეატი ვარ და რომელიც უკვე მესამედ ჩემი პოლიტიკური თუ რაღაც სხვა მოსაზრებების გამო მბლოკავს. “საბას”, რომელმაც გადაუხვია თავის უმთავრეს ადამიანურ და ლიტერატურულ ღირებულებებს და დაივიწყა ის, რისთვისაც შეიქმნა.
ამ პრემიის სათავეებთან იყვნენ დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი, რომელიც შექმნა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც დღეს ასევე ოპოზიციაშია და სდევნიან. დრო და ისტორია თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს . მწერლები პრემიებისთვის არ წერენ, მაგრამ პრემია რომელიც მწერლებისთვის შეიქმნა, მწერლებისთვის აღარაა და სისტემური უსამართლობის პროცესად და სახედ იქცა. მიუხედავად იმისა რომ როგორც უსამართლო სასამართლო სისტემის მიერ წარმოქმნილ მონსტრ მოსამართლეებს ვერ მოვთხოვთ პასუხს, რადგან დამნაშავე სისტემაა, მაინც მტკიცედ მოვითხოვ ჟიურის წევრებმა (კონკრეტულად იმ სამმა ადამიანმა, რომელზეც მთელი წლის ლიტარატურული მოსავალი ჰკიდია) აიღონ პასუხისმგებლობა და დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები!“– წერს თეონა დოლენჯაშვილი.
თეონა დოლენჯაშვილის წიგნი – „ჩიტი არ გამოფრინდება“ წელს “საბას“ კონკურსის მოკლე სიაში ვერ მოხვდა. მის სტატუსს ფეისბუქზე ბევრი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის მწერლების მხრიდან. თავად თეონა დოლენჯაშვილმაც კომენტარებში საკუთარი პრეტენზიები უფრო დააკონკრეტა:
თეონა დოლენჯაშვილი ამბობს, რომ ამ კონკურსში წიგნს არასოდეს აღარ შეიტანს, რადგან არ უნდა ამ “მახინჯი და უსამართლო პროცესის ნაწილი“ იყოს.
კომენტარს წერს მწერალი ეკატერინე ტოგონიძეც, რომელიც თვლის, რომ თეონა დოლენჯაშვილი უსამართლოდ დაიჩაგრა:
“უსამართლობის განცდა ყველაზე მწარე განცდაა. სიტყვები არ მაქვს, თეო… მართალი გითხრა, დაჯერებაც გამიჭირდა, რამდენჯერმე გადავიკითხე…
მოკლე სიის წევრმა ან საბოლოო გამარჯვებულმა გამარჯვება ხომ უნდა შეირგოს? ჩვენს მთავარ, მოუშორებელ უბედურებაზე, ომზე დაწერილი ყველაზე ძლიერი, გლობალური რომანი პროცესის მიღმა როგორ რჩება? ეს შენ არ გაზარალებს, შენ, რომელიც – მე მაინც ხომ ზუსტად ვიცი – ყოველთვის ამ ყველაფერზე მაღლა დგახარ, იქ, სადაც მწერალი უნდა იდგეს – ქვეყნის, ადამიანის, ისტორიის ყველაზე სუსტი, გადაუმუშავებელი, სასტიკი ეპიზოდების მხილებისა და ყველაზე მტკივნეული ჭრილობების მოშუშების სამსახურში. და ვის თუ არა შენ გამოგდის ეს!
ბოლო წლებში ჩემი ვერც ერთი წიგნი ვერ მოხვდა მოკლე სიაში, შორტლისტიდან გამოთიშვა კიდევ სხვა გაუგებრობაა. მაშინ სიტყვაც არ მითქვამს, არა იმიტომ, რომ რაიმე ლოგიკა დავინახე ან გული არ დამწყდა, მინიმუმ გამიკვრიდა…
უბრალოდ შენს შემთხვევაში გულში ვეღარ ვიტევ ამ ამბავს, ჩემი საყვარელი წიგნის ამბავს, იმ წიგნის, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს და ვალი მოიხადოს ომგამოვლილების, ომით დანგრეული სამყაროს წინაშე, გაიაროს ეს გზა ამ უბადლო ლიტერატურით და აირჩიოს მშვიდობა, სიცოცხლე, სიყვარული… დრო და ისტორია ნამდვილად მიუჩენს ამ რომანს ადგილს, არა მარტო ქართველი, არამედ მსოფლიო მკითხველის გულებში, მაგრამ ჩვენ დღეს, ახლა და აქ ვართ და მე შენზე მეტად მეტკინა გული.“– წერს ეკა ტოგონიძე.
“საბას“ მიმართ პრეტენზიები აქვს მწერალ ბექა ქარხულსაც:
“ მე მაგათ 2018 წლიდან არ ვცემ პატივს და რასაც ვფიქრობ მოლედ და კონკრეტულად ჩემს გვერდზე დავწერე !(საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ბექა ქურხულმა საბას ჟუირის აგინა). მასხარები არიან ჟიურის წევრებიან ორგანიზატორებიანად და სადაც ვნახავ იქ მოვთხოვ ბოლომდე, როგორც მასხარებს სთხოვენ და მერე სადაც დიდი სუდი ნახონ იქ მიჩივლონ ! ჩვენ კი ღირსები ვართ მთელი ეს წლები ამ ბოლო ჩეკისტების ნაბიჭვრებს რომ ვამართინებთ ქართულ ლიტერატურულ პროცესებს !“– წერს ბექა ქურხული.
მწერალი გოჩა სხილაძე:
“მე რომ მეწყინა, საბა რომ არ მომცეს მთელმა ლიტერატურულმა სამყარომ ჩამქოლა, იმის გამო რომ აღელვებულს რაღაც არაკორექტული დამცდა. ყველა ჭკუას მარიგებდა. მომავალი კი განსჯის, ვინ ვინ არის, მაგრამ ამასობაში ჩვენ ჩვენი გვემართება. 2 საბა კი არა ისიც დამამადლეს ფინალში რომ მოვხვდი..ეს ვინაო? იყო ხარხარი და ღლიცინი. რა დამავიწყებს ამას? მხოლოდ სიკვდილი.“
თეონა დოლენჯაშვილი კომენტარებში აკონკრეტებს, რა პრეტენზია აქვს კონკურსის ჟიურისთან:
“ სულ 5 კაცია და აქედან 3 ადამიანია გადაწყვეტილების მიმღები, რომელსაც არასდროს არანაირად პასუხისმგებლობა არ ეკისრება . ამიტომ ვითხოვდით მწერლები ორდონიან ჟიურის, ლიტერატურულ რეცენზიებს, დასაბუთებას თუ რატომ ხვდება ერთი წიგნი და არ ხვდება მეორე . პროცესი არის სრულიად გაუმჭვირვალე , დახურული, უსამართლო და ეს უსამართლობა უკვე ისეთი სისტემურია რომ პრემიის დისკრედიტაცია ხდება, მისი კვდომა და ნგრევა. ეს აღარაა ერთი და ორი შეცდომა, ეს უკვე უსამართლობის მთელი ისტორიაა რომელსაც ყოველ წელს ახალ ახალი მსხვერპლი ჰყავს და არა მხოლოდ მწერლებს არამედ მკითხველსაც მასშტაბურად უცრუებს გულს. ყველაფერს სჭირდება ცვლილება და განვითარება და ამის პირველ რიგში 17 წლიანი ისტორიის პრემიის ორგანიზატორებს არ უნდა ეშინოდეთ“– ამბობს თეონა დოლენჯაშვილი.
კომენტარს წერს მწერალი ლაშა ბუღაძეც:
“პირადად ჩემთვის შენი ახალი რომანი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებად რჩება. ზოგი ეპიზოდი ახლაც მკაფიოდ მახსოვს… თუმცა ცხადია გემოვნებაზე არ დავობენ (იმის მიუხედავად, რომ კულტურის ისტორიაში ყველაზე მეტს სწორედ გემოვნებაზე დავობენ).
ცხადია, გემოვნებაა, ერთმნიშვნელოვნად. აბა, რას ფიქრობ, რომ შეიძლება რომელიმე ჟიურის წევრი (ჩვენი კოლეგები, რომელთა ვინაობაც მოგვიანებით გაცხადდება) რაიმე დირექტივებს იღებენ “ცეკადან”? ეს ხომ აბსურდია. მართლა შეგვიძლია დავეთანხმოთ ან არა, ან გვეწყინოს და გავბრაზდეთ, მაგრამ კონსპირაციებს მგონი არ უნდა ავყვეთ. ზოგადად ეს კია ქართული პრობლემა – კრიტიკა რომ არ რეფლექსირებს სათანადოდ და ლიტერატორები კი ერთმანეთის მეგობრები არიან, რაც ყოველთვის ქმნიდა და კვლავაც შექმნის უხერხულობას. კულტურის ზოგადი პრობლემა კი ისაა, რომ ისტერიკა არ უნდა დავიმართოთ (მით უმეტეს, საჯაროდ), როცა რაღაცა არ მოგვწონს. თუმცა ამის უფლებაც ყველას აქვს…“– წერს ლაშა ბუღაძე.
წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეცხრამეტედ გამოაცხადა. ჟიურიმ 260 წიგნი განიხილა და წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ივლისის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
2021 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:
- საუკეთესო რომანი
2.საუკეთესო პოეტური კრებული
3.საუკეთესო პროზაული კრებული
4. საუკეთესო პიესა
5. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
6.საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
9. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
ირინე ტაბაღუა, „ტელეფას ცხვარი“ (ინტელექტი)
ნანა აბულაძე, „აკუმი“ (ინტელექტი)
კახაბერ მელითაური, „მოგზაურობა ნამცეცებს შორის“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „ცეცხლისწამკიდებელი“ (პალიტრა L)
ნათია აბრამიშვილი, პრიმო ლევის „პერიოდული სისტემა“ (დიოგენე)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
ნინო დიანოსაშვილი, „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“ (ლოგოსი)
გიორგი კაკაბაძე, „რისი თქმაც მინდა!“ (პეგასი)
ლევან ბრეგაძე, „პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“ (არტანუჯი)
წლის საუკეთესო პიესა:
ლაშა ბუღაძე, „ანტიმედეა“ (არტანუჯი)
პაატა ციკოლია, „მედეა s01e06” (saba.com.ge)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
არჩილ ქიქოძე, „ნორვეგიული დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ბიძინა მაყაშვილი, „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“ (სულაკაურის გამომცემლობა)
მარიამ ხუცურაული, „მარილი გემოვნებით“ (პალიტრა L)
გიგი ხორნაული, „ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი“ (მწიგნობარი)
გიორგი ლობჟანიძე, „ჩემი ფანჯრებიდან“ (არტანუჯი)
გელა ჩარკვიანი, “ENGLISH -როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ (არტანუჯი)
ხასო ხანგოშვილი, „ქისტები (100 ამბავი)“ (არტანუჯი)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
რუსუდან რუხაძე, „სიყვარულის წონა“ (ინტელექტი)
გიორგი სოსიაშვილი, „ოთხი მოთხრობა“ (გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა)
ალეკო შუღლაძე, „ლაბირინთი მანუელისთვის“ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
ნუგზარ ზაზანაშვილი, „წავა წავა წავა წავა“ (ინტელექტი)
თეა თოფურია, „რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში?“ (saba.com.ge)
ბესიკ ხარანაული, „ეჰ, ბესარიონ“ (ინტელექტი)
ეკა ქევანიშვილი, „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ (ინტელექტი)
ნათია გიორგაძე, „ხმის მატარებელი“ (ინტელექტი)
ბელა ჩეკურიშვილი, „ნანას ცხენი“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო რომანი:
თამთა მელაშვილი, „შაშვი შაშვი მაყვალი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ეკატერინე ტოგონიძე, „შინ-შენ“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“ (ინტელექტი)
შოთა იათაშვილი, „დამწყები“ (პალიტრა L)