მწვანე პასპორტის გაუქმება დემოტივატორი გახდება მათთვის, ვისაც აცრა ჯერ კიდევ სურდა – ჩხაიძე

“მწვანე პასპორტის გაუქმება დემოტივატორი გახდება მათთვის, ვისაც აცრა ჯერ კიდევ სურდა “- ამის შესახებ, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ მწვანე პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

”მწვანე პასპორტების მთლიანად გაუქმება საქართველოსთვის გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ეს რისკები უსაფრთხოების ნაკლები განცდაა. როდესაც თქვენ დახურულ სივრცეში ხართ და დახურული სივრცე მწვანე პასპორტის აუცილებლობას გულისხმობდა, ამ მექანიზმის მოხსნის შემდეგ, დახურულ სივრცეში ინფექციის გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება. ჯერჯერობით, საქართველო კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზეა. ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და სავსებით შესაძლებელია, რომ მწვანე პასპორტის მთლიანად გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი.რაც შეეხება მეორე მხარეს, გახდება თუ არა მწვანე პასპორტის სისტემის გაუქმება დემოტივატორი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ სურვილი ჩაეტარებინათ ვაქცინა, რა თქმა უნდა, გახდება. რადგან, ვაქცინაციის ხელშეწყობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი მწვანე პასპორტის ამოქმედების. თუ ეს სისტემა ქვეყანაში არ მუშაობს, შესაბამისად, ხელშეწყობის ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს. სავარაუდოდ, ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ისედაც დაბალ ვაქცინაციის მაჩვენებელს.”- განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, 1 თებერვლიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტის მოთხოვნა სავალდებულო აღარაა.