არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2019 წელს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ღვაწლისა და დამსახურების პატივსაცემად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჭაუხის მასივში არსებული უსახელო მწვერვალისთვის სახელი “ვეტერანის” დარქმევა გადაწყვიტა.
სამსახურმა ტენდერი 2019 წელს გამოაცხადა, სატენდერო პირობები ითვალისწინებდა 10 პირის 7 დღის განმავლობაში მწვერვალზე აყვანის მომსახურებას. საბოლოოდ მწვერვალზე, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 3,320 მეტრია, პირველი ასვლა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა და ვეტერანებმა წარმატებით განახორციელეს. მწვერვალზე დაიდგა მემორიალური ბანერი, სიტყვებით – “ვეტერანი” – 2019 წლის 17 ოქტომბერი.’’ ეს ყველაფერი კი სახელმწიფო ბიუჯეტს 35,000 ლარი დაუჯდა.
“სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 2014-2020 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42,660,100 ლარით დაფინანსდა, რომლის 30% მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე (ხელფასები, პრემია-დანამატები) დაიხარჯა.
2015-18 წლებში ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 106 ადამიანი, ხოლო 2019 წლიდან მათი რაოდენობა 143-მდე გაიზარდა, ხოლო შრომის ანაზღაურებამ წინა წლების მაჩვენელებთან შედარებით საშუალოდ 310,000 ლარით მოიმატა.
საქართველოში 2019 წლის მონაცემებით, 68,576 ვეტერენია, მათ შორის 54,349 ომის ვეტერანი. შშმ და ხანდაზმული ომის ვეტერანები სარგებლობენ რეაბილიტაციის პროგრამით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურებას. 2019 წელს პროგრამით ერთ პირზე გათვალისწინებული ინდივიდუალური კურსის დაფინანსება 250 ლარს შეადგენდა. მწვერვალზე 10 ადამიანის ასვლაზე დახარჯული 35,000 ლარი საკმარისი იქნებოდა 140 ომის ვეტერანის სარეაბილიტაციო კურსი დასაფინანსებლად”,– წერს ფლანგვის დეტექტორი.