ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ “ნათელაშვილის ფანჩატურაში შეკრებილი ე.წ სამეგობრო, საახლობლო, გადაიქცა და კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა“. მისივე თქმით, ამ ერთობამ გიორგი რურუა პოლიტიკურ ლიდერად აღიარა.
“რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა სახე. ის დეგრადირდა და ჩამოყალიბდა კრიმინალურ ძალად სწორედ იქ, სადაც ეს ერთობა გიორგი რურუას თავის პოლიტიკურ ლიდერად აღიარებს”.– აცხადებს მათიკაშვილი.
ოცნების დეპუტატი აღნიშნავს, რომ ხვალ “ქართული ოცნება” დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით დაამტკიცებს და ამით 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებს.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა და კენჭისყრა ხვალ გაიმართება. ენმ და ევროპული საქართველო მასში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან მათი თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა ხვალ საპატიმროშია.