ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ენმ-ს განცხადებას ეხმიანება, რომ შესაძლოა ისანში მას კონკურენტი დაუყენონ. მისი თქმით, ის და მისი გუნდი საერთო გამარჯვებისთვის იბრძვიან.

როცა დიდი საქმეების კეთებაზე გვაქვს ამბიცია, უნდა გვესმოდეს, საერთო ოპოზიციური კანდიდატები, საერთო ოპოზიციური კოორდინაცია საერთო გამარჯვებისთვის გვჭირდება და თუ ვინმე ამ შეთანხმებას ერთი მანდატით მეტის მიღების ცდუნების გამო არ უფრთხილდება, ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამ რვა წელმა ვერაფერი გვასწავლა.

ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო, გულწრფელად არ მინდა, ეს გამოთქმა გამართლდეს ზოგიერთ ჩემი კოლეგისა და პარტნიორის მიმართ.

და ბოლოს, მინდა იცოდეს ყველამ, სადაც გიორგი ვაშაძე და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდია, იქ ვერასდროს ნახავთ, რამე ვთქვით და არ შევასრულეთ. სიტყვის კაცობა ცხოვრების უპირველესი  პრინციპია ჩვენთვის!

მე და ჩემი გუნდი საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით! თქვენ ვისთვის და რისთვის?”,- აცხადებს ვაშაძე.

გუშინ, ვაშაძის თანაგუნდელმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში განაცხადა, რომ თუ ენმ ვაშაძეს ისანში კონკურენტს დაუყენებს, მაშინ საბურთალოზეც მასაც დაუყენონ.