სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში, მამაკაცის საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მყვინთავები ჩაერთვნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.
“შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა მამაკაცის საძიებო სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. მდინარე რიონზე სპეციალური ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს”,– აცხადებს უწყება.
30 წლამდე ასაკის მამაკაცი რიონში გასულ საღამოს გაუჩინარდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.