ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა შესაძლოა პატიმრობით დასჯადი გახდეს

პარტია მოქალაქეების წევრებს, ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს ინიციატივა აქვთ, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. აღნიშნულ ცვლილებებს ისინი პარლამენტში ბიუროს სხდომაზე ახლო მომავალში დააინიცირებენ.

რუსთავი 2-ის ცნობით, აღნიშნული კანონპროექტით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 116-ე მუხლი იცვლება: სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა.

ასევე, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა.