საქართველოს დესპანი გერმანიაში, პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გადამდგარ ნატალია საბანაძეს მისი წიგნის გამო აკრიტიკებს.
“ახლახანს გადამდგარ ნატალია საბანაძეს, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, წიგნი დაუწერია ბასკურ და ქართულ ნაციონალიზმებზე, (Globalization and Nationalism, The cases of Georgia and basque Country, 2010) სადაც გასაოცარ „სიბრძნეებს“ ვკითხულობთ – ზვიად გამსახურდია და მისი მოძრაობა „მებრძოლი ეთნონაციონალისტების“ მოძრაობა ყოფილა – ანუ ეს, თუ სიტყვების კონონტაცია გესმით, ტიპოლოგიურად არის რაღაც გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის. აი, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალიზმი იგივე არ არისო. წიგნში ვკითხულობთ:
„Saakashvili’s nationalism cannot be seen as a mere revival of the Gamsakhurdia-style, militant ethnonationalism. It displayed markedly defferent characteristics, propagating a predominatly civic and inclusive conception of the Georgian nation and identity. He was the first leader of post-communist Georgia that openly appealed to georgia’s alienated national minorities, promising them a state for its citizens and not only for its ethnic majority“ –
თურმე სააკაშვილამდე სახელმწიფო მარტო დომინანტი ეთნოსისთვის, ქართველებისთვის ყოფილა, სააკაშვილს კი ყველასთვის მიუცია შესაძლებლობა წილი დაედო მასში. ანუ პირდაპირ ჩაგესმის მოსკოვის პროპაგანდისტული მანქანის საყვარელი ლოზუნგი ზვიად გამსახურდიაზე „გრუზია ტოლკო დლია გრუზინ“, რაც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა მისი ლოზუნგი და არც ოდესმე თქმულა ზვიად გამსახურდიას პირიდან, პირიქით, უარყოფილიც კი აქვს რამოდენიმეჯერ; ლოზუნგი, რომელიც მისი შეურიგებელი ოპონენტების პროგრამაშიც კი გაკრთა ერთი-ორჯერ”,- წერს გამსახურდია Facebook-ზე.
მისივე თქმით, ალბათ ნატალია საბანაძეს ეს გარემოება არ აინტერესებს და არ იცნობს პრეზიდენტ გამსახურიდას საჯარო გამოსვლებს, განცხადებებს და ინტერვიუების ხუთტომეულს.
“ის არ იცნობს (უფრო სწორედ რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული კლიშეებით იცნობს) გამსახურდიას სამშვიდობო პოლიტიკას აფხაზეთში, არ იცნობს ვიდეოებს, სადაც გამსახურდია ხვდება საქართველოს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას და ეუბნება, რომ ყველა მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, მიუხედავად იმისა, ქართული ენა იცის თუ არა; მას არ აინტერესებს, რომ დევნილი „ეთნონაციონალისტი“ გამსახურდია დაკრძალვისას არაერთი ეროვნების კავკასიელმა დაიტირა გროზნოში 1994 წელს.
და რას ნიშნავს „მებრძოლი ეთნონაციონალისტი?“ უგანდაში ხუტუს და ტუცის ეთნიკურმა ჯგუფებმა ერთმანეთი რომ ამოხოცეს, ასეთი ამბები საქართველოში მიახლოებით მაინც მოხდა? ვინ ამოხოცა, ვინ მოკლა გამსახურდიამ? ესე იგი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა “მებრძოლ” ეთნონაციონალიზმამდე დაყავს ამ ქალს? ავადსახსენებელი 90-იანების დეზინფორმაციული ღვარი, რომლის გავლენის ქვეშაც ქ-ნი ნატალია მოქცეულა, იმდენად გავეშებული იყო, რომ თვალწინ დაგიხატავდათ გამსახურდიას და მისი მინისტრებს რუსთაველზე, რომლებიც ისხდნენ კოცონებთან, პირდაპირ იქვე ბრაწავდნენ და მიირთმევდნენ არაქართველებს. ეშმაკი რატომ არ გაიცინებს ამაზე, 8 წლის მანძილზე ევრომისიის ხელმძღვანელს რომ მოუსმენს?”,- აცხადებს გამსახურდია.
მისივე თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, სახელმწიფოს დამფუძნებლის და დამოუკიდებლობის გამოცხადების პროტაგონისტის ეთნონაციონალისტად გამოცხადებისთვის ქვეყნის უმაღლესი რანგის ნებისმიერ დიპლომატს, ნატალია საბანაძეს, უნდა დაეკისროს დისციპლინარული პასუხისმგებლობა, რადგან ის სახელმწიფოს სიმბოლოა.
“მაგალითად ვინმეს წარმოუდგენია ისრაელელი დიპლომატი, რომელიც რაღაც მსგავსს იტყვის ან დაწერს დავიდ ბენ-გურიონზე?
P.S. მარგველაშვილმა გიგიაძე და საბანაძე ლამის პრინციპულობის და გმირობის ეტალონებად გამოაცხადა. ეტყობა ოპოზიციაში მოელის მათ. გიგიაძეზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა რასაც ეს ქალბატონი წერს, სხვა არაფერია, თუ არა ნაწილაკი უზომო სიბრიყვის – ხან აკადემიურად დავარცხნილის, ხანაც დაუვარცხნელის“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.