რუსეთის პრეზიდენტმა პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის ულტიმატუმებზე აშშ–ს და ნატოს პასუხის შესახებ. განცხადება პუტინმა მოსკოვში, უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი განცხადებიდან ნათელია, რომ პუტინს პასუხი არ მოეწონა. ის ამბობს, რომ რუსეთის სურვილები იგნორირებულია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ბრალი დასდო დასავლეთს რუსეთის უსაფრთხოების შეშფოთებების იგნორირებასა და ომის გამოწვევაში. მის პირველ საჯარო განცხადებაში, უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში, პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უსაფრთხოების მოთხოვნები.
„უკვე ნათელია… რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთება იგნორირებულია“, – განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანის გვერდით. ორბანი მოსკოვს სტუმრობს უკრაინის საზღვარზე დაძაბული ვითარების ფონზე.
პუტინმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვეევაში შესაძლო სცენარი აღწერა. მან განაცხადა, რა მოხდება, თუ კიევი 2014 წელს ანექსირებული ყირიმის დაბრუნებას ეცდება.
„წარმოიდგინეთ უკრაინა, როგორც ნატოს წევრი და ის იწყებს ამ სამხედრო ოპერაციებს. ნატოს ბლოკთან უნდა ვიომოთ? ვინმემ ამაზე იფიქრა? ჩანს რომ არა“, – თქვა მან.
პარალელურად, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელწმიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის უკრაინის საზღვარზე მიმდინარე კრიზისის თაობაზე სატელეფონო საუბარი შედგა. ბლინკენმა ლავროვს უთხრა, რომ დროა მოსკოვმა უკან უნდა გაიწვიოს ჯარი, თუ ის ნამდვილად არ აპირებს უკრაინაში შეჭრას. ინფორმაციას სახელწმიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სატელეფონო ზარი ნახევარი საათი გაგრძელდა, რომლის დროსაც ბლინკენსა და ლავროვს შორის ინგლისურ ენაზე „პროფესიული და საკმაოდ გულწრფელი“ საუბარი შედგა, თქვა სახელწმიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. თუმცა, მისივე განცხადებით ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის რაიმე შეთანხმება ამ ზარით ამ მიღწეულა და ამერიკული მხარე ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან დეესკალაციის რაიმე პოტენციალს.
„ჩვენ კვლავ გვესმის, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ყველა ქმედება, რასაც ვხედავთ, სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის მუდმივი დამატება და გადაადგილება საზღართან, საპირისპიროს მიანიშნებს“,- ამბობს მაღალჩინოსანი.
ამერიკის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს უთხრა, რომ „თუ პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად არ აპირებს ომის დაწყებას, ან რეჟიმის შეცვლას“, მაშინ მან უკან უნდა გაიყვანოს სამხედროები, მძიმე ტექნიკა და ჩაერთოს დისკუსიაში.
რუსეთს ამ დროისთვის უკრაინის საზღვარზე 100,000 სამხედრო ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში აცხადებენ, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრას გეგმავს, თუმცა მოსკოვი ამას უარყოფს.