ნაცვლიშვილი: პოლიციელების ამნისტია მხოლოდ დაზარალებულთა თანხმობით შეიძლება

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიწყალონ, თუ ამაზე დაზარალებულები იქნებიან თანახმა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღებული შეთანხმება ვერ გააუქმებს კონსტიტუციას, შესაბამისად, საუბარი ვერ იქნება მთელი რიგ დანაშაულების ამნისტირებაზე, რომელიც მიემართება სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას და ა.შ.

“საუბარი დაიწყო სამ პოლიციელზე. ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ საუბარი დაიწყება ამ სამი ადამიანის ამნისტირებაზე, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ეს იყოს სამართლებრივად და მორალურად გამართლებული არის ამ პროცესში შემოვიდნენ დანაშაულით დაზარალებული ადამიანები. ამ ადამიანებს ჩვენ  ვერ მოვეპყრობით როგორც ობიექტებს, ისინი უნდა შემოვიდნენ ამ პროცესში თავისი ღირსებით, უფლებებით და მხოლოდ მათი თანხმობით შეიძლება საუბარი დავიწყოთ ამ სამი ადამიანის ამნისტირებაზე”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, წერია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ორ საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

პარლამენტში 27 აპრილს იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ნიკა მელია ამ გზით გათავისუფლებაზე უარს აცხადებს.