ჩრდილოეთ კორეელმა 30 წლის მამაკაცმა სამმეტრიან ღობეზე გადახტომა შეძლო იმისათვის, რომ სამხრეთ კორეაში მოხვედრილიყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის მედია ავრცელებს. მანამდე მან როგორღაც შეძლო ჩრდილოეთ კორეის ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე შეღწევა. გაქცევა ჯერ კიდევ ნოემრის დასაწყისში შედგა, თუმცა მხოლოდ ახლა გახმაურდა. მამაკაცი ამტკიცებს, რომ წარსულში ტანმოვარჯიშე იყო.
სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, როგორც ინციდენტის გამოძიებამ აჩვენა,მამაკაცი საზღვარზე თავიდან იმის გამო ვერ აღმოაჩინეს, რომ ერთ–ერთი სენსორი, რომელიც მოძრაობას აფიქსირებს მოშვებული იყო. სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა მამაკაცი მხოლოდ 14 საათის შემდეგ, საზღვრიდან ერთ კილომეტრში აღმოაჩინეს, როცა სათვალთვალო კამერებმა შენიშნეს.
სასაზღვრო სენსორები 2015 წელს დამონტაჟდა. მათ ღობეზე ნებისმიერ შეხებაზე უნდა ჰქონდეთ რეაქცია. სამხრეთ კორეის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ ამჟამად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვრის მთელ პერიმეტრზე სენსორების შემოწმება მიმდინარეობს.
ინციდენტს სამხრეთ კორეის ხელისუფლების მისამართით კრიტიკის ტალღა მოჰყვა. კრიტიკოსების აზრით ამ ინციდენტით ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პოტენციური საფრთხის შემთხვევაში სასაზღვრო სისტემის სისუსტე გამოჩნდა.
ამჟამად სამხრეთ კორეის ხელისუფლება ტოტალიტარულ რეჟიმს გამოქცეული მამაკაცის მოტივებს და გულწრფელობას ამოწმებს. კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მას მოსთხოვეს ორჯერ გაემეორებინა ნახტომი ღობეზე, რათა მისი ნათქვამის სიმართლეში დარწმუნებულიყვნენ.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებას საეჭვოდ ეჩვენება ის გარემოება, რომ თუნდაც მამაკაცს ღობეზე გადახტომა შეძლებოდა, მან მოახერხა შეუმჩნეველი დარჩენილიყო ჩრდილოეთ კორეის სამხედროებისთვის და არც საზღვრის დელიმიტირებული ზონის გასწვრივ არსებულ მრავალრიცხოვან ნაღმებზე აფეთქებულიყო.
ხელისუფლება თვლის, რომ პრინციპში, ამ ტიპის გაქცევა შესაძლებელი იყო მამაკაცის ფიზიკური აღნაგობიდან და მომზადებიდან გამომდინარე, თუმცა ამ ვერსიას გადამოწმება ჭირდება.