“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე არჩევნების თარიღის შესაძლო გადატანის საკითხზე კომენტარს აკეთებს.
ხაზარაძის განცხადებით ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, “ოცნება” წავა პოლიტიკური სცენიდან.
“იმდენი ტყუილი მოვისმინეთ ხელისუფლებისაგან, რომ ქართულ საზოგადოებაში ნდობა აქვს დაკარგული. “ქართულმა ოცნებამ” თავისი მოქმედებით და ნაბიჯებით რეპუტაცია ისე შეილახა, საქართველოშიც და მსოფლიო დონეზეც, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათ არ გაუჭირდებათ, მორიგი ტყუილი თქვან. მათი მხრიდან მოულოდნელი არ იქნება, თქვან, რომ სადღაც ისევ იფეთქა ეპიდემიამ და ამიტომ მოგვიწია არჩევნების გადადება. მაგრამ მე მათ მინდა ვუთხრა: ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, “ოცნება” წავა პოლიტიკური სცენიდან, იმიტომ რომ მათ ამოწურეს მორალური, ეთიკური, ადამიანური და ყველა სხვა რესურსი, რაც კი შეიძლება ჰქონოდათ ამ 8 წლის განმავლობაში.”- მამუკა ხაზარაძე
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.
“თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია, თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში”,- განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.