მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ თავდამსხმელმა და 2-მა მძევალმა, რომლებიც სინამდვილეში კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ, საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვეს.
“იყვნენ სამნი. აქედან ორნი ფეიკ მძევალი, სინამდვილეში მძევლად აყვანის თანამონაწილე, ასევე შეიარაღებული. ერთერთის სახელი დავით ხვიბლიანი (პოლიციის უფროსის მძევლად აყვანის დროს, კადრში ხედავთ შავი კეპით და პირბადით). მძევლები კი არა, სწორედ ეს ფეიკ მძევლები გაიყოლა. წაღებულია 4 მილიონი დოლარი და არა ნახევარი მილიონი. არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენჯიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი. სავარაუდოდ, იქ ბაჩო არღვლიანი ხვდებათ, ფულს უყოფენ და ის მისცემს გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფს გადაყვანას რუსეთში”,- წერს გვარამია.
შსს აცხადებს, რომ ცდილობენ თავდამსხმელების დაკავებას. აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ცნობით, თავდამსხმელების დაკავების შემთხვევაში, მათ ქართველ სამართალდამცავებს გადასცემენ.