თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ გამოთქმულ ვერსიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ის უარყოფს, რომ ბიზნესმენის მკვლელობასთან შესაძლოა მათ ოჯახს რამენაირი კავშირი ქონდეს:
“ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს. ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან. საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია?
მე არაერთხელ გავაჟღერე ჩემს განცხადებებში, რომ ნიკოს მკვლელობის სცენარი რაღაც დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, გადანაწილებული როლებით. რეჟისორს ალბათ, ჯერაც არ დაუსრულებია საკუთარი პიესა და სამწუხაროა, რომ ისევ დააყენა ასეთი მძაფრი სიუჟეტი.
ჩვენს ოჯახს აქვს უამრავი შეკითხვა, რომელსაც აგერ უკვე 9 თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი და დღესაც ველით სიმართლის დადგენას. შვილის გლოვის საშუალებას არ გვაძლევენ, მაშინ როცა მკვლელების და მათი თანამზრახველების საქმე დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი. არ დარქმევია ყველაფერს მისი სახელი… ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავოთ. არანაირი წყარო, რომელიც ambebi.ge-ს მსგავს ინფორმაციას მიაწვდიდა არ არსებობს, რომ არა “სეთურის” ინსტიტუტი.
უფალმა ინებოს, რომ ეს მკვლელობის საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი… ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურისმაძიებელი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს 21-ე საუკუნეში ისევ საბჭოთა მეთოდები მუშაობს – დღეს არც ვიცი რა ჰქვია ამ ინსტიტუტს”… – წერს იზა ომაძე.
შეგახსენებთ, რომ, როგორც ambebi.ge საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს,ბიზნესმენ ლევან კაჭარვას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს. კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები მკვლელობის შემდეგ სომხეთში გადასვლისას, სავარაუდოდ, სწორედ ლევან კაჭარავამ („ტილიკა“)დააფინანსა.