მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ მასზე ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური სისტემურად ძალადობდა, მათ შორის, მაშინაც, როდესაც ორსულად იყო. ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს.
მაყაშვილი რუსთავი 2–ის ეთერში ყვება, რომ ძალადობის მსხვერპლის ზანგურისგან ხშირად გამხდარა, მიზეზი კი ნებისმირი ბანალური რამ შეიძლება ყოფილიყო.
„პირველად რა მიზეზი იყო არ მახსოვს, იმდენად შოკირებული ვიყავი… რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, მიუხედავად იმისა რომ 11 წელი გავიდა. არ მახსოვს მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წინ და მე ვიყავი ორსულად. მახსოვს რომ ხალიჩაზე… ამ ყველაფერს მერე მოსდევდა დიდი კორიანტელი ბოდიშების, საჩუქრების, რომელიც მე, რა თქმა უნდა, არაფერში მჭირდებოდა“ – ამბობს მსახიობი.
მაყაშვილი ყვება, რომ ყოფილი მეუღლე ძალიან ხშირად ცემდა და ეს ბანალური მიზეზების გამო ხდებოდა.
“მიზეზი შეიძლება ყოფილიყო თუნდაც ის, რომ რომ შევჭამდი თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა. ან შუქნიშანზე როდესაც მანქანით გაჩერებული ვიყავი, უბრალოდ მოწყენილი ყოფილიყავი, რომ მე ვარ უჟმური. მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ქუჩაში დანახული უბრალოდ ბიჭი”,– ამბობს ის.
მაყაშვილი იხსენებს, რომ ბესო ზანგურისგან წამოსვლის ეშინოდა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა მუქარებსაც. შემდეგ კი ყვება ერთი ეპიზოდის შესახებ, რომელსაც „ბოლო წვეთს“ უწოდებს – ის აცხადებს, რომ კაცი მას საათების განმავლობაში სცემდა.
„რომ დაიწყო [ცემა] ღამის 4 საათზე, არ გაჩერდა დილამდე. ერთადერთი რისი თქმაც შემეძლო, იყო ჩემი შვილის სახელი, რომელიც მეორე ოთახში ღნაოდა, ერთადერთი რამაც გამაძლებინა, იყო ის, რომ მე ვიცოდი, რომ ბავშვი იქიდან უნდა წამეყვანა,“ – ამბობს ის.
მსახიობი ბესო ზანგური მაყაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ძალადობას უარყოფს. ის ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ის “თითით საჩვენებელი მამა და მეუღლეა”.