ნიუ იორკის მერია ტრამპის ორგანიზაციასთან კონტრაქტებს წყვეტს

აშშ-ს ქალაქ ნიუ იორკის მერია, გასულ კვირას კაპიტოლიუმზე მომხდარი იერიშის შემდეგ, წყვეტს ტრამპის ორგანიზაციასთან “The Trump Organizaition” გაფორმებულ კონტრაქტებს. აღნიშნულის შესახებ ნიუ იორკის მერკმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

“ამბოხების წაქეზება შეერთებული შტატების მთავრობის წინააღმდეგ აშკარად დანაშაულებრივი ქმედებაა. ასე, რომ ქალაქ ნიუ იორკს აღარ ექნება არანაირი კავშირის ტრამპის ორგანიზაციასთან”, – განაცხადა ბილ დე ბლაზიომ ტელეკომპანია MSNBC-ს.

ტრამპის ორგანიზაციას კონტრაქტები გაფორმებული აქვს ცენტრალური პარკის ატრაქტიონთან, ცენტრალურ პარკში მდებარე ორ ყინულის საციგურაო მოედანთან და გოლფის მოედანთან ბრონქსის რაიონში. სააგენტო Reuters-ის ცნობით, კონტრაქტების ღირებულება ყოველწლიურად 17 მილიონ დოლარს შეადგენს.

დონალდ ტრამპის ვაჟი ერიკ ტრამპი, რომელიც საოჯახო ბიზნესს თავის ძმასთან ერთად განაგებს, გამოეხმაურა ნიუ იორკის მერიის გადაწყვეტილებას.

“ეს გადაწყვეტილება ბილ დე ბლაზიოს არაკომპეტენტურობისა და ფაქტების აშკარა უგულვებელყოფის ნათელი მაგალითია”, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.

მისი განცხადებით, ტრამპის ორგანიზაცია კონტრაქტების გაწყვეტას არ შეურიგდება.

“ნიუ-იორკს არ აქვს იურიდიული უფლება, შეწყვიტოს ჩვენი კონტრაქტები და თუ ისინი ამას მაინც გააკეთებენ, ტრამპის ორგანიზაციისთვის მილიონობით დოლარის გადახდა მოუწევთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დისკრიმინაცია და ჩვენ ვგეგმავთ ენერგიულ ბრძოლას”, – დასძინა ერიკ ტრამპმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გერმანული “დოიჩე ბანკი”, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მოკავშირე, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ ტრამპთან თანაშრომლობას წყვეტს.