უკრაინელი საოპერო მომღერალი, სოპრანო ლუდმილა მონასტირსკა რუსი სოპრანოს, ანა ნეტრებკოს ნაცვლად იმღერებს ოპერა ტურანდოტში, რომლის წარმოსადგენად მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საოპერო თეატრი, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა ემზადება.
ამის შესახებ The New York Times წერს. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინელი მომღერალი ყვება, რომ მეტროპოლიტენ ოპერიდან მას მარტის დასაწყისში დაურეკეს, როცა პოლონეთში იყო და საკონცერტო კაბებს ყიდულობდა. მას თეატრის მენეჯერმა, პიტერ გელბამ დაურეკა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და უთხრა, რომ ოპერა სირთულეებს წააწყდა, რადგან ანა ნეტრებკოსთან კონტრაქტი გაწყვიტეს რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერის გამო და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს.
გელბამ სურვილი გამოთქვა, რომ ქარიზმატულ მომღერალ ქალს, რომელიც მისი შესანიშნავი ხმით არის ცნობილი, პუჩინის ტურანდოტში რუსი მომღერალი შეეცვალა, რომლის პრემიერა უკვე 30 აპრილს შედგება.
46 წლის მონასტირსკას თავიდან უარის თქმა უნდოდა. მისი თქმით, 2015 წელს, უკრაინის ნაციონალურ ოპერაში ძალიან დამღლელი გამოსვლის შემდეგ დაიფიცა, რომ აღარასოდეს შეასრულებდა მთავარ პარტიას ტურანდოტში. გარდა ამისა, მისი თქმით ნერვიულობდა იმის გამო, რომ ნეტრებკოს შვიდი წელი იცნობდა და მას ერთ–ერთ უდიდეს საოპერო ვარსკვლავად თვლიდა, ასევე არ უნდოდა პოლიტიკაში გარეულიყო. თუმცა გელბამ დაამშვიდა ლუდმილა და დაპირდა, რომ მისი გამოჩენა სცენაზე კიდევ უფრო დიდ ყურადღებას გამოიწვევდა უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.
“გაოცებული ვიყავი, თუმცა ვგრძნობდი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მემღერა. მინდოდა დავხმარებოდი, რითაც შემეძლო. თუმცა თავს უხერხულად ვგრძნობდი. არ მიყვარს სხვის კონტრაქტებზე ხელის მოწერა“– თქვა მან.
მისი კარიერის მანძილზე მონასტირსკა მუდმივად თავს არიდებდა პოლიტიკას. მას არ აქვს გვერდი ფეისბუქზე და ცდილობს არ წაიკითხოს ახალი ამბები. ამჯობინებს ოჯახზე და კარიერაზე კონცენტრირდეს. თუმცა, ომის დაწყების შემდეგ მისი შეხედულებები შეიცვალა. მონასტირსკამ გააკრიტიკა ნეტრებკო მეტისმეტად ხანრძლივი დუმილისა და მცდელობების გამო, არ გამოეთქვა პოზიცია მომხდარის მიმართ. მან რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ისინი ადამიანებს უმიზეზოდ კლავენ, ასევე დაგმო არტისტები, რომლებიც მომხდარს მხარს უჭერენ.
მომავალ სეზონზე უკრაინელი მომღერალი შეცვლის კიდევ ერთ მომღერალს, რომელიც პუტინთან კავშირების გამო გახდა კრიტიკის ობიექტი. ის მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე “ტოსკაში“ რუსი სოპრანოს, ჰიბლა გერზმავას ნაცვლად იმღერებს ,რომელმაც 2014 წელს პუტინის მხარდამჭერ წერილს მოაწერა ხეელი.
ოპერის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ წელს უკრაინის თავისუფლების ორკესტრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინელი მუსიკოსების ანსამბლი შექმნა, ზაფხულში ევროპასა და აშშ–ში ტურნეში გაემგზავრება. მონასტირსკა კი ბეთჰოვენის ფიდელიოდან არიას შეასრულებს, რომელიც მშვიდობის, უსამართლობის და ადამიანურობის თემებს ეხება.
“ის უკრაინული საქმის ძლიერი, ხმამაღალი სიმბოლოა და ეს ტურნეს ყოველ საღამოს გამოჩნდება, როცა ბეთჰოვენის ნაწარმოებს იმღერებს ჩაგვრის წინააღმდეგ და თავისუფლების მხარდასაჭერად. არიის შესავალი რეჩიტატივი, რომელსაც ის მღერის თავისუფლად შეიძლება უშუალოდ პუტინს მიუსადაგო.“
გელბა ამბობს, რომ უკრაინელი მომღერალი პირველ რიგში მისი ძალიან ლამაზი და უჩვეულოდ ძლიერი ხმის გამო შეარჩია.
ლუდმილა მონასტირსკა კიევში დაიბადა, სწავლობდა უკრაინის კონსერვატორიებში და კარიერის ადრეულ ეტაპზე ოპერის თეატრებში მღეროდა. მსოფლიო სცენაზე 2010 წელს გამოჩნდა, როცა 35 წლის იყო. ბერლინის ოპერის სცენაზე ის ტოსკაში მთავარ პარტიას ასრულებდა.
მეტროპოლიტენ ოპერაში მისი დებიუტი 2012 წელს შედგა, როცა ვერდის აიდაში მთავარი როლი შეასრულა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.