93 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტიკოსი და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე.
წარსულში ის იყო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე.
ნოდარ ნათაძე 1989 წლიდან იყო საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.
1989-90 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რენესანსის პრობლემა ქართულ მწერლობაში“. მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, წიგნების: „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“, „თომა აქვინელის ფილოსოფია, მიზეზობრიობა და თავისუფლება“, „ერი და ეროვნული კულტურა“, „ვეფხისტყაოსანი“ (კრიტიკული გამოცემა განმარტებებითა და კომენტარებით) და სხვათა ავტორი.