ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორს მატარებელში აცეტონიანი საღებავი შეასხეს

ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორსა და ნობელის პრემიის ლაურეატს, დმიტრი მურატოვს მატარებელში უცნობი პირები თავს დაესხნენ და აცეტონიანი წითელი საღებავი შეასხეს. მურატოვი ამბობს, რომ მათ მატარებლის კუპეში შეასხეს აცეტონი და ზეთის საღებავი, შემდეგ კი დაიყვირეს, რომ “ამას მათი ბიჭებისთვის აკეთებენ”.

“კუპეში ზეთის საღებავი და აცეტონი შემასხეს. თვალები საშინლად მეწვის. მატარებელი მოსკოვიდან სამარამდე. მთელს ვაგონში ზეთის სუნია. გამგზავრება უკვე 30 წუთით გადაიდო. ვეცდები ჩემით ჩამოვიბანო. მან [თავდამსხმელმა] დაიყვირა: “მურატოვ, ეს ჩვენი ბიჭებისთვის”,– ამბობს მურატოვი.

ცნობისთვის, დმიტრი მურატოვს 2021 წლის 8 ოქტომბერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.

28 მარტს ნოვაია გაზეტამ როსკომნადზორის მეორე გაფრთხილების შემდეგ მუშაობა შეწყვიტა.