ნორმალურ ვითარებას სჭირდება შეთანხმების შესრულება და ილუზია, რომ ყურადღება გადატანილია, სიბრიყვეა – ბოკერია

,,ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ოქრუაშვილის დაპატიმრებაზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებას” არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კორონავირუსის კრიზისის ფონზე საქართველოს დემოკრატიასა და მასთან დაკავშირებული საკითხებს მნიშვნელობა არ აქვს და საერთაშორისო მეგობრები ყურადღებას არ მიაქცევენ.

,,იმ დროს, როდესაც საქართველოს სჭირდება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარება და ყურადღება, ამ უმძიმესი გამოწვევის დროს, ამ ტიპის პრობლემების შექმნა ქართული დემოკრატიისთვის და დადებული პირობის არშესრულება, არის დამატებითი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის.

კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გვინდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მაგრამ მე გავრისკავდი და ვიტყოდი მთელი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების სახელით, რომ ახლა ჩვენ გვაწუხებს ეს უმძიმესი გამოწვევა, მაგრამ საქართველო და მსოფლიო ამას გადალახავს და ჩვენ გვექნება არჩევნები და საქართველოს სჭირდება ნორმალური ვითარება. ნორმალურ ვითარებას სჭირდება ამ შეთანხმების შესრულება და ილუზია, რომ ყურადღება გადატანილია და არავინ არ მიაქცევს, არის უბრალოდ სიბრიყვე, ოღონდ ქვეყნისთვის საზიანო სიბრიყვე და ამ ფასს გადაიხდის თვითონ ივანიშვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, გადაიხდის ქვეყანაც”,- ამბობს ბოკერია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ინსტრუმენტებით შეასრულებს ხელისფულება პირობას და მთავარია შედეგი, მისივე თქმით, პოლიტპატიმრების ნაწილის შესრულების გარეშე, შეთანხმება მთლიანად ჩაიშლება

,,ყველა ის პირი, ვისაც ეს მოლაპარაკება ეხებოდა უნდა გათავისუფლდეს. რაზეც ღია ტექსტშია საუბარი – არცერთ მხარეს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური მოტივით არის გამოყენებული სამართლებრივი ინსტრუმენტი და შთაბეჭდილება კი არა, უაშკარავესი სურათი გვაქვს ოქრუაშვილზე, რურუაზე, უგულავაზე”, – ამბობს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას გამოეხმაურა და აღნიშნა, ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას.

საელჩომ ყველა მონაწილე მხარეს მოუწოდა სრულად დაიცვან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

8 მარტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მართლმსაჯულების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის განმარტებით, ციხიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ პოლიტპატიმრები. მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი.