ნუ ატყუებ საკუთარ ხალხს! – მოძრაობა “სირცხვილია” დღეს, 1 სექტემბერს, 12:00 საათზე “ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ქართველი ხალხის სახელით ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან საბოლოო ჩამოშორების ღია დეკლარირებაა.
“ოლიგარქის დასმული პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ქართველი ხალხის სახელით ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან საბოლოო ჩამოშორების ღია დეკლარირებაა.
სინამდვილეში, ღარიბაშვილის “თავშეკავება” ევროკავშირის 75-მილიონიან დახმარებაზე წარმოადგენს უარს არაერთი ვალდებულების შესრულებაზე, მათ შორის სასამართლო სექტორში განსახორციელებელ რეფორმებზე.
ბოლო თვეების განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოდერაციით მიღებული შეთანხმების პირნათლად შესრულებას. მმართველმა პარტიამ თავისი ანტიდასავლური არჩევანი საბოლოოდ დაადასტურა ხელშეკრულების ანულირებით. ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ანტიდასავლური ქმედება ავტომატურად უდრის საქართველოში რუსეთის გაძლიერებას. შესაბამისად, ხელისუფლების ორიენტაცია უკვე ღიად არის პრორუსული.
ვიკრიბებით ქართული ოცნების ოფისთან, 1 სექტემბერს დღის 12 საათზე, რათა ერთად გავაპროტესტოთ მმართველი პარტიის სამარცხვინო, წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.”- ვკითხულობთ განცხადებაში.