რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი კრემლს მიმართავს, თავი შეიკავოს იმ კომპანიების აქტივების კონფისკაციისგან, ვინც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა. მისი აზრით, ეს ნაბიჯი ქვეყანას 100 წლით უკან დააბრუნებს.
მეტალურგიული გიგანტის –“ნორლსკის ნიკელის“ პრეზიდენტმა და მისმა უმსხვილესმა აქციონერმა თქვა, რომ რუსეთი რისკავს დაბრუნდეს 1917 წლის რევოლუციის მღეელვარე პერიოდში, თუ დასავლურ კომპანიებს და ინვესტორებს კარს მიუჯახუნებს.
მან რუსეთის მთავრობას მოუწოდა გამოიჩინოს უკიდურესი სიფრთხილე აქტივების დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
“ჯერ ერთი, ეს ასი წლით უკან დაგვაბრუნებს, 1917 წელში, ასეთი ნაბიჯის შედეგები კი – რუსეთის მიმართ ინვესტორების გლობალური უნდობლობა – მრავალი ათწლეულის მანძილზე შენარჩუნდება“ – თქვა მან ნორილსკის ნიკელის ტელეგრამ ექაუნთზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“გარდა ამისა, ბევრი კომპანიის გადაწყვეტილება რუსეთში მუშაობა შეაჩერონ, მე ვიტყოდი, ერთგვარ ემოციურ ხასიათს ატარებს და შეიძლება საზღვარგარეთ მათზე საზოგადოებრივი აზრის უპრეცედენტო ზეწოლით იქნა მიღებული. ასე რომ, სავარაუდოდ ისინი დაბრუნდებიან. პირადად მე, მათ ამ შესაძლებლობას დავუტოვებდი“– დასძენს ის.
პოტანინი რუსეთის ყველაზე მდიდარი მილიარდერია. ბლუმბერგის მონაცემებით მისი ქონება კვლავ დაახლოებით 22.5 მილიარდია, მიუხედავად იმისა, რომ წელს მან საკუთარი ქონების დაახლოებით მეოთხედი დაკარგა ნორილსკის ნიკელის აქციების ვარდნის გამო. უკრაინაში შეჭრის შემდეგ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე 90%–ით გაუფასურდა, სანამ ვაჭრობა არ შეჩერდა. ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის საქონელზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.
ნორილსკის ნიკელი მსოფლიოში პალადიუმის და მაღალხარისხიანი ნიკელის, ასევე პლატინისა და სპილენძის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია და მისი ძირითადი პროდუქტები სადამსჯელო სანქციებს გადაურჩნენ, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღეს და რომლებმაც რუსეთის ეკონომიკას ძლიერ დაარტყა.
ათობით ამერიკულმა, ევროპულმა და იაპონურმა კომპანიამ ბოლო ორ კვირაში უარი თქვა ერთბლივ საწარმოებზე, ქარხნებზე, მაღაზიებზე, ოფისებზე და სხვა აქტივებზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სანქციების გამო. ხუთშაბათს მათ შეუერთდნენ Goldman Sachs და JPMorgan – პირველი მსხვილი დასავლური ბანკები, რომლებმაც რუსეთიდან სრული წასვლის შესახებ განაცხადეს მას შემდეგ, რაც თებერვალში აქ კრიზისი დაიწყო.
რუსეთის პრეზიდენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მხარს უჭერს “შიდა მმართველობის“ შემოღებას იმ უცხოურ კომპანიებში, რომლებმაც რუსეთი დატოვეს.
“გადამწყვეტი მოქმედებები გმართებს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც აპირებენ წარმოება დახურონ. მაშინ აუცილებელია შემოვიღოთ შიდა მმართველობა, შემდეგ კი ეს წარმოებები იმათ გადავცეთ, ვისაც მუშაობა უნდა“–თქვა მან ვიდეოში, რომელიც კრემლმა გამოაქვეყნა სახელმწიფო ტელევიზიებით.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ შეადგინა იმ ორგანიზაციების სია, რომლებმაც წასვლა გადაწყვიტეს და რომელთა ქონება შეიძლება ნაციონალიზაციას დაექვემდებაროს. “იზვესტიას“ ცნობით, დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მთავრობას და გენპროკურატურას გაეგზავნა, 59 კომპანიას მოიცავს, მათ შორის არიან: Volkswagen, Apple, IKEA, Microsoft, IBM, Shell, McDonald’s, Porsche, Toyota, H&M. სია შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
პოტანინი ამბობს, რომ დასავლური აქტივების ნაციონალიზაციაზე ლაპარაკი არამიზანშეწონილია, მაგრამ კრემლის წინადადებამ შეიძლება მესაკუთრეებს ქონების შენარჩუნების საშუალება მისცეს, კომპანიები კი კრახისგან დაიცვას, პროდუქციის წარმოება გააგრძელოს და თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს.
“მესმის, რომ ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე შეიძლება გაჩნდეს გასაგები სურვილი, სიმეტრიულად იმოქმედო. მაგრამ დასავლური ქვეყნების მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით ზარალდებიან. ჩვენ მათზე ჭკვიანები უნდა ვიყოთ და თავიდან ავიცილოთ სცენარი, როცა საპასუხო სანქციები ისევ ჩვენ დაგვარტყამს.“– თქვა მან და მოუწოდა რუსეთს, მოხსნას შეზღუდვები უცხოურ ვალუტაზე, რათა შესაძლებელი გახდეს უცხოური ობლიგაციების და კრედიტების პროცენტების გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით არის რისკი, რომ ქვეყანამ დეფოლტი გამოაცხადოს მთელ საგარეო ვალთან დაკავშირებით, რომელიც მისი შეფასებით დაახლოებით 480 მილიარდ დოლარს შეადგენს.