„ნუ სტირით!“ – მიტროპოლიტი შიო ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას 13 ოქტომბრელს ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ტრაგედიაზე ილაპარაკა, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა.

„ამ წლების განმავლობაში მრავალ ჩვენგანს შეემთხვა უბედურება. რამდენი კაცი დაიღუპა ბრძოლის ველზე, რამდენი გარდაიცვალა ავადმყოფობით, რამდენი ბავშვი დაიღუპა უდროოდ და ტრაგიკულად! დღეს საკურთხეველში შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც შვილი, ახალგაზრდა ბიჭი, დაკარგა სულ ცოტა ხნის წინ. თუნდაც გავიხსენოთ, რაც მოხდა ვაკის პარკში, როგორ ტრაგიკულად დაიღუპა შესანიშნავი გოგონა… და აი, ყველა ჭირისუფალს, ყველა დედას უფალი იესო ქრისტე იმავე სიტყვებს ეუბნება: „ნუ სტირი!“ – განაცხადა შიო მუჯირმა, – რატომ მოსთხოვა უფალმა, რომ არ იტიროს? თქვენ გახსოვთ, სხვა ადგილას იგი ამბობს, რომ „ნეტარ არიან მგლოვარენი“, აქ კი ამბობს, არ იტიროო. იმიტომ, რომ იქ სხვა ტირილზე, სხვა გლოვაზეა საუბარი; ის ადამიანები, ვისაც უფალი წარმართებს უწოდებს, სხვაგვარად ტირიან, სხვაგვარად გლოვობენ და სხვაგვარად ხარობენ, ვიდრე ღმერთის ადამიანები და მორწმუნეები. ამაზე წერს პავლე მოციქული: „ნუ გლოვობთ, როგორც წარმართები, რომლებსაც არ აქვთ სასოება“. აი, სწორედ ასეთ გლოვაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტეს – სასოებამოკლებულზე, სწორედ ასე ტიროდა ეს ქვრივი – სასოწარკვეთით“.

მიტროპოლიტმა შიომ გაიხსენა ძველი აღთქმის ერთი ეპიზოდი, რომელშიც დავით წინასწარმეტყველს შვილი უკვდება ავადმყოფობისგან.

„როცა იგებს ბავშვის ავადმყოფობის ამბავს , წმინდა დავით წინასწარმეტყველი იწყებს მარხვას, განმარტოვდება, ღამეებს მიწაზე ათევს და შვიდი დღის შემდეგ მას ეტყვიან, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მაშინ დავითი დგება მიწიდან, იბანს, ზეთს იცხებს, მიდის ტაძარში, იქ ლოცულობს და შემდეგ მოითხოვს, რომ მოუტანონ საჭმელი და ჭამს. მსახურები ჰკითხავენ, თუ რას ნიშნავს მისი ასეთი ქცევა; სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, შენ მარხულობდი და გლოვობდი, ხოლო როდესაც გარდაიცვალა, შეწყვიტე მარხვა, საჭმელს ჭამ, ზეთი იცხე და პირი დაიბანეო? დავითი უპასუხებს, რომ სანამ ის ცოცხალი იყო, მე ვლოცულობდი და ვმარხულობდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა შემიწყალოს და გადაარჩინოს, მაგრამ როდესაც მოკვდა, რაღად ვიმარხულო, ვინაიდან ვიცი, რომ მე მას ვერ დავაბრუნებ, მე მასთან წავალ, ის კი ჩემთან ვერ მოვაო. ამიტომ უფალი როდესაც ამბობს – „ნუ სტირი“, ამით ამბობს, რომ ნუ ეძიებ სიყვარულს წარსულში, შენს საყვარელ ადამიანს, შენს ახლობელს წარსულში, წარსულში მხოლოდ წარსულია, სიყვარული კი უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია და ჩვენ გვაერთებს, გვაკავშირებს ჩვენს ახლობელთან როგორც მიწიერ ცხოვრებაში, ისე მარადიულ ცხოვრებაში. დავითის საიდუმლოებაც ეს იყო, მან იცოდა ეს, მან იცოდა ღმერთის არსებობა, სწამდა ღმერთის და ვინც ეს არ იცის, ისინი, რა თქმა უნდა, შიშითა და ძრწოლით უყურებენ კარს მომდგარ სიკვდილს. და როდესაც ახლობელი გარდაეცვლებათ, უზომო გლოვას ეძლევიან“, – განაცხადა შიო მუჯირმა ქადაგებისას.