ოზურგეთში დაკავებული 5 ადამიანიდან, რომლებსაც ბრალად ედებათ გატაცება და ფიზიკური ძალადობა, ერთერთი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ვიცეჩემპიონი იური ლომაძეა.
ბრალდებულია მისი ძმაც, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე და კიდევ სამი პირი. მათ მოქალაქე იძულებით გაიტაცეს ოზურგეთის რაიონის, სოფელ ბოხვაურში და მიტოვებულ სახლში ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული სპორტსმენების ახლობლის შეყვარებულია, ძალადობის მიზანი კი შურისძიება იყო.
ნაცემი და ნაწამები ახალგაზრდა ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.