უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, ოკუპანტები დაღუპულთა რეალური რაოდენობის დასამალად დონეცკის მეტალურგიულ ქარხანას იყენებენ, სადაც წვავენ რუსეთიდან ჩამოსული მოხალისეების ცხედრებს. უწყების ცნობით, დამწვარი ცხედრების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მათივე ინფორმაციით, დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება იძულებითი გაწვევა ოკუპანტთა არმიაში.
“რეკრუტების აბსოლუტური უმრავლესობა იგზავნება ყველაზე ცხელ წერტილებში სათანადო მომზადების გარეშე. მათ ძირითადად იყენებენ ფრონტის ხაზზე დაბრკოლებების გასაწმენდად და თხრილების გასათხრელად. უაღრესად დაბალია საკვების მიწოდება. ზარალი “რეკრუტებს” შორის 70-80%-ს აღწევს”,– აცხადებს დაზვერვა.
მათივე თქმით, ოკუპანტები კომპენსაციას არ უხდიან დაღუპულთა ოჯახებს, რომლებიც მობილიზებულნი არიან ოკუპირებული ლუგანსკიდან და დონეცკიდან.
“ისინი ეუბნებიან დაღუპულთა ნათესავებს, რომ „LPR“-დან და „DPR“-დან მობილიზებულთა გარდაცვალების საფასური არ არის გათვალისწინებული, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ რუსული პასპორტი”,– წერია დაზვერვის განცხადებაში.
უწყება ასევე იტყობინება, რომ დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლების ცხედრების გაცემის პუნქტი „კოპეიკას“ მაღაზიაში გაიხსნა.
“ცხედრების გაცემით რუსული საოკუპაციო არმიის ე.წ „პოლიციაა“ დაკავებული. ამავდროულად, მხოლოდ გარდაცვალების მოწმობა და დაკრძალვის ნებართვა ეძლევა დაღუპულთა ახლობლებს. არ არსებობს დოკუმენტები იმის შესახებ, თუ სად, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალნენ ისინი“, – აღნიშნავს სადაზვერვო სამსახური.