ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას, შესაძლებლობა აქვთ, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით ჩაირიცხონ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა.
ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო