ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებული, ინალ ძაბიევი, სავარაუდოდ, ცემის დროს მოკლეს.
ძაბიევის ოჯახი ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ. ინალ ძაბიევი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასმისა და მანქანის დაცხრილვის ბრალდებით იყო დაკავებული.
ცხედარის ფოტოებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს.
სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ანატოლი ბიბილოვმა სასწრაფო სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან და განაცხადა, რომ საქმის გამოძიება “პირად კონტროლზე აყავს“, დე ფაქტო შს მინისტრი კი გამოძიების დასრულებამდე გადააყენეს.
გენერალურმა პროკურორმა უგუზმაგ ჯაგაევამ სხდომაზე თქვა, რომ 28 აგვისტოს 14:21 საათზე “გენერალურ პროკურატურაში” შევიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს მოქალაქე ინალ ჯაბიევი, რომელიც უგონოდ იყო და სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით აღძრეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი 8 ივნისს გაუხსნეს. იგორ ნანიევი Niva-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.