საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშის “თავისუფლება მსოფლიოში 2021”, მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 60 ქულამდე გაუარესდა და ქვეყანა ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში დარჩა. 2019 წელს საქართველოს 63 ქულა ჰქონდა და 2020 წელს კი 61.
ანგარიშში პოლიტიკური უფლებები 40–დან 23 ქულით არის შეფასებული და საუბარია პოლიტიკურ პროცესზე ოლიგარქიულ გავლენებზე;
“საქართველოში ტარდება კონკურენტული არჩევნები, მისი დემოკრატიული ტრაექტორია უმჯობესდებოდა 2012-13 წლებში მთავრობის ცვლილებასთან ერთად, მაგრამ ბოლო წლებში უკუსვლაა.
ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო პოლარიზაციის გამო მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულადაა დაცული”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
Freedom house–ის შეფასებით, ქვეყანაში სისტემა მრავალპარტიულია და ახალი პარტიის შექმნისთვის წინაღობები არ არსებობს, თუმცა აღნიშნავს, რომ 2000-იანი წლებიდან არსებული ერთპარტიული დომინაცია სხვა კონკურენტულ ჯგუფებს განვითარებაში ხელს უშლის.
“2019 წლის ივლისში მამუკა ხაზარაძეს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბანკის დამაარსებელს და მის პარტნიორს ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი, პოლიტიკური პარტიის ფორმირების შესახებ გაცხადებიდან 2 კვირის თავზე. პოლიტიკურმა პარტიამ, ლელო საქართველოსთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 4 მანდატი მოიპოვა, თუმცა ხაზარაძის საქმის გამოძიება ოქტომბრამდე გაგრძელდა”, – წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, Freedom House ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ივანიშვილის პირველი გადადგომის შემდეგ მან პარტიის მართვა არაფორმალურად გააგრძელა.
“ივანიშვილი, მდიდარი ბიზნესმენი, რომელმაც 2011 წელს ქართული ოცნება დააფუძნა, პარტიის თავმჯდომარეობიდან და პრემიერმინისტრობიდან 2013 წელს გადადგა, თუმცა პარტიის მთავარ დამფინანსებლად დარჩა და მისი კონტროლი არაფორმალურად განაგრძო.
მისი შემდგომი პრემიერმინისტრები და პარტიის თავმჯდომარეები მისი ნდობით აღჭურვილი პირები და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე 2018 წელს აირჩიეს, იგი თანამდებობას 2020 წლამდე იკავებდა”, – წერს Freedom House.