ომბუდსმენი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხეში 20:00 საათზე შევა

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელიც გლდანის ციხის საავადმყოფოში დღეს, 20:00 საათზე შევა.

ექსპერტთა ჯგუფის მიზანია მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგი. ასევე, იმის შეფასება, რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

  • გიორგი გრიგოლია – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
  • გრიგოლი ხურციძე – შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
  • გიორგი კაჭარავა – კარდიოლოგი
  • გიორგი პაპიაშვილი – კარდიოლოგი/არითმიოლოგი
  • აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
  • მამუკა მაჩაიძე – ინფექციონისტი, თერაპევტი
  • თენგო წულაძე – ნევროლოგი
  • ნინო ზავრაშვილი – ენდოკრინოლოგი

“ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით”,– აცხადებს ომბუდსმენი.