უკრაინის მოკავშირეთა კოალიციის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პოლიტიკოსი მისი პრემიერობის განმავლობაში ნდობის ყველაზე დიდ კრიზისს განიცდის. ესტონელთა უმეტესობა თვლის, რომ კაია კალასმა თანამდებობა უნდა დატოვოს მისი მეუღლის ბიზნესის „რუსული კავშირების“ გარშემო ატეხილი სკანდალის გამო. ფორმალური თვალსაზრისით, ყველაფერი კანონიერი იყო, მაგრამ კალასის კრიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ მისი მორალური ავტორიტეტი შეუქცევადად შეირყა.
სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც ესტონურმა პრესამ აგვისტოს ბოლოს გაარკვია, რომ კალასის ქმარი დაკავშირებული იყო ფირმასთან, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთში ბიზნესთან იყო დაკავშირებული.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კალასი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი უკრაინის მოკავშირეთა კოალიციაში და მის ირგვლივ სკანდალი მაშინვე მოხვდა ძირითადი მსოფლიო გამოცემების გვერდებზე.
„პრემიერი კაია კალასი უშუალოდ და პირადად არის ჩართული რუსეთთან სატრანზიტო ვაჭრობაში. იგივე ომის პრინცესა, რომელიც უკვე ორი წელია ყველას ეუბნება, რომ ესტონეთი ომშია და რომ ომის დროს ყველაფერი შავ-თეთრი ხდება“, – ამბობს მარტინ ჰელმე, ოპოზიციური პოპულისტური ნაციონალური კონსერვატიული პარტიის (EKRE) ლიდერი.
ეს თეზისი – “კალასი სახლშიც და ევროპაშიც ამბობს, რომ რუსეთთან ნებისმიერი ბიზნესი და არა მხოლოდ სანქცირებული, ამორალურია, არადა თვითონ გამოიმუშავებს ფულს რუსეთზე” – ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ბევრმა ოპონენტმა აიტაცა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
თუმცა, ეს ფორმულირება – “კალასმა რუსეთზე ფული გამოიმუშავა” – ჯერჯერობით აშკარა გაზვიადებას ჰგავს.
იმ ფაქტების და განმარტებების მიხედვით, რომლებიც ესტონურმა პრესამ აქამდე მოიპოვა, საქმე ასე გამოიყურება:
- კაია კალასის ქმარი, არვო ჰალიკი, ფლობს საინვესტიციო ფირმას Novaria Consulting.
2. ამ ფირმას (ანუ ფაქტობრივად ჰალიკს) ჰქონდა მინორიტარული წილი – აქციების მეოთხედზე ცოტა ნაკლები – სატრანსპორტო კომპანია Stark Logistics-ში. პარალელურად ჰალიკი ამ უკანასკნელში ფინანსურ დირექტორადაც მუშაობდა. როდესაც სკანდალი ატყდა, ჰალიკმა მაშინვე მიჰყიდა თავისი წილი თავად ფირმას.
3. ეს სატრანსპორტო კომპანია ემსახურებოდა ესტონურ კომპანია Metaprint-ს, რომელიც ატარებდა საქონელს ესტონეთიდან მისი რუსული ქარხნისთვის, რომელიც აწარმოებს აეროზოლის ბოთლებს. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობა: ორივე ფირმას ჰყავს ერთი მფლობელი.
4. ჩართული ფირმების ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ Metaprint –მა თანდათან შეამცირა საქმიანობა რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში და რეისების რაოდენობა, რომლებსაც მისთვის Stark Logistics ახორციელებდა, თუ ომამდე კვირაში რამდენიმე ათეული იყო, ახლა კვირაში ერთხელ ან ორჯერ ხორციელდება.
თავად კაია კალასი ამბობს, რომ მან არაფერი იცოდა ქმრის ბიზნესის ამ მიმართულების შესახებ და უსაფრთხოების პოლიციას (KaPo), რომელიც რეგულარულად ამოწმებს ესტონეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის შანტაჟის მცდელობისადმი მოწყვლადობის თვალსაზრისით, მასთან კითხვები არ ჰქონია.
„ჩემს ქმარს ნამდვილად ჰქონდა მინორიტარული წილი სატრანსპორტო კომპანიაში და ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ მათ რუსეთში დაასრულეს საქმიანობა. სწორედ იმიტომ, რომ ეს არასწორია მორალის თვალსაზრისით. შემდეგ ისინი ეხმარებოდნენ თავიანთი მთავარი თანამფლობელის ქარხანას ფინანსური გაგებით საქმიანობის დასრულებაში და რადგან ამ ნაწილში მისი [ქმრის] პოზიცია ისეთი იყო, რომ რუსეთის სამხედრო მანქანისთვის არც ერთი ევროთი, რუბლით ან დოლარით მხარი არ დაუჭერიათ, სანამ ეს კითხვები არ წამოიჭრებოდა, მათ ამაში მორალური თვალსაზრისით ცუდი ვერაფერი ნახეს.“–კიდევ ერთხელ განმარტა კალასმა ამ კვირაში ესტონურ რადიოსთან ინტერვიუში.
პრესამ კი გაირკვა, რომ რამდენიმე ხნის წინ კაია კალასმა ქმარს ოფიციალურად 350 ათასი ევრო ასესხა. მაგრამ არვო ჰალიკი და მისი პარტნიორები ირწმუნებიან, რომ ეს ფული წავიდა სრულიად სხვა საწარმოში და არა “რუსულ” ბიზნესში.
რაც შეეხება სანქციებს, უსაფრთხოების პოლიციას ჯერჯერობით მათი დარღვევის ნიშნები არ უნახავს. თუმცა, პრესა და ოპოზიცია ამბობენ, რომ ბოთლების დასამზადებლად საჭირო ლითონი, რომელიც Stark Logistics-მა რუსეთში გაიტანა, ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც კომპანიამ, სავარაუდოდ, დაიწყო ნახევარფაბრიკატის ტრანსპორტირება, რითაც გვერდი აუარა სანქციებს.
კაია კალასი
45 წლის კაია კალასი პირველი ქალია, რომელიც ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. მემარჯვენე ლიბერალური რეფორმის პარტიას, რომელიც მამამისმა დააარსა, იგი 2018 წლის აპრილიდან ჩაუდგა სათავეში, 2021 წლის იანვარში კი მთავრობის მეთაური გახდა. 2023 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის კალასმა პარტიის რეიტინგი რეკორდულ მაჩვენებელზე– 31,2%-მდე გაზარდა.
ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, როდესაც მსოფლიო მხოლოდ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების კონცენტრაციაზე მსჯელობდა, ესტონეთმა, მისი ხელმძღვანელობით, უკვე დაიწყო უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის მაისის ბოლომდე, ესტონეთი ლიდერობდა მშპ-სთან მიმართებაში უკრაინელებისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარებისთვის წილით.
ოპოზიცია აცხადებს, რომ არ სჯერა კალასის, მისი მეუღლისა და მისი პარტნიორების განმარტებებს.
„კაია კალასი, თავისი ორპირობის გამო, არ არის შესაფერისი ესტონეთის მთავრობის მეთაურის პოსტისთვის. მთავრობის მეთაური მორალური კაპიტალის გარეშე არის უსაფრთხოების რისკიც და გვართმევს ძლიერი სანქციების პოლიტიკისა და უკრაინის დამატებითი მხარდაჭერის სანდოობას“, – განაცხადა პარტია ისმაას (სამშობლო) ლიდერმა ურმას რეინსალუმ, რომელიც ცოტა ხნის წინ, იანვრამდე კალასის წინა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
კალასის არ სჯერა ამომრჩეველთა უმრავლესობას: ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ 66%-ს მისი გადადგომა სურს. პრემიერს მხარს მხოლოდ 29% უჭერს.
ზაფხულის დასაწყისში გამოკითხულთა 32%-მა ენდობოდა კალასს. უახლესი სკანდალის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგაც კი, ის კვლავ ლიდერობდა გამოკითხვაში თემაზე “ვის ისურვებდით პრემიერ-მინისტრად” – თითქმის 24%–იანი მხარდაჭერით. სკანდალს ჯერ არ უმოქმედია რეფორმების პარტიის რეიტინგზე – ის ყველაზე პოპულარულ პარტიად რჩება.