“ომის ფონზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ქმედებები სავალალოა” – ამის შესახებ, პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერმა მალგოჟატა გოშევსკამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მე დიდი სევდით ვადევნებ თვალ-ყურს იმას თუ რა ხდება საქართველოში, როგორ პირობებში უწევთ ქართველებს ყოფნა და ამჟამად რა მდგომარეობაშია დემოკრატია ქვეყანაში.
ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა, როცა გრძელდება საშინელი ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო და იმ ბარბაროსობის ფონზე რასაც სჩადის რუსეთის ფედერაცია უკრაინაში, ძალიან სავალალოა, თუ როგორ იქცევიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები” – განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ.
მისი თქმით, ქართველებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი დასავლური საზოგადოების წევრები არიან.
„მაგრამ დიდი სიამაყით ვადევნებ თვალს იმას თუ როგორ იქცევა ქართველი საზოგადოება, როგორ იქცევიან ქართველები, როგორ უჭერენ მხარს, ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს სხვადასხვა ფორმით და მათ შორის როგორ იბრძვიან ეს ქართველები უკრაინაში ამ ქვეყნისათვის.
ქართული საზოგადოებაც მორიგ ჯერზე ამტკიცებს, რომ ის ყოველთვის იყო დასავლური საზოგადოების ნაწილი და არის და იქნება ამ საზოგადოების ნაწილი ყოველთვის. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამაც გაითავისოს ეს საბოლოოდ. მოუსმინოს თავის ქვეყანას, საზოგადოებას და მოუსმინოს იმ ხალხს რომელსაც მართავს” – განაცხადა მან.