ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოითხოვენ, “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთისგან მიღებული ფინანსური სარგებლის გამო, არჩევნებიდან მოიხსნას.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, საკითხით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და აუდიტის სამსახური – პარტია უნდა მოიხსნას არჩევნებიდან, ვინაიდან მათ მიერ ჩადენილი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს.
“ნორმალურ სახელმწიფოში, როდესაც ამგვარი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გახდებოდა ცნობილი, დაუყოვნებლივ დაინტერესდებოდა ამ საკითხით არა მხოლოდ აუდიტის სამსახური, არამედ პროკურატურა, რადგან საქართველოს კანონი კრძალავს უცხო ქვეყნის ფინანსური სახსრების შეღწევას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და განსაკუთრებით შემაშფოთებელია მტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან. ერთადერთი სწორი იქნებოდა პატრიოტთა ალიანსისმოხსნა არჩევნებიდან. ნორმალურ სახელმწიფოში ასეც მოხდებოდა”, — განაცხადა ბოკუჩავამ.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ გავრცელებული დოკუმენტები ცხადყოფს არა მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის”, არამედ მმართველი პარტიის გეგმებსაც.
“ის ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა, საჭიროებს რეაგირებას. საქართველოს ერთ-ერთი პარტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ღიად იყო დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან და მოიაზრება მათ მიერ კოალიციურ პარტნიორად, ფინანსდება რუსეთის მიერ. პროკურატურამ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება და ეს უნდა იყოს ინაშვილის არა მხოლოდ არჩევნებიდან მოხსნის, არამედ საფუძველია იმის, გავიგოთ რას აკეთებს ქართული ოცნება”, — აცხადებს კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან 8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.