აშშ-ის მიერ, მოსამართლეთა კლანის დასანქცირების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის მოთხოვნით მიმართა. მათი განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ივნისიდან უკვე ინიცირებულია, ბიუროც გავლილი აქვს და ახლა კენჭისყრაზე გატანა სჭირდება.
“ჩვენ გვსურს საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე დადგეს ინიციირებული საგამოძიებო კომისიის საკითხო და შეიქმნას კომისია. ამ მიზნით ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, რადგან მიგვაჩნია, რომ ყოველი დღე, რაც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, გუშინ, 5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.