“გონიერი მმართველი და ხელისუფალი ყოველთვის ცდილობს ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, ის მას ფორმაში ამყოფებს და ხდის უკეთესს. სუსტი ოპოზიცია შენ ვერასდროს გამყოფებს კარგ ფორმაში, ეს გაიძულებს მართო ცუდად. საბოლოო ჯამში, ეს [სოციოლოგიურ კვლევებში გამოხატული] უნდობლობა არამხოლოდ ოპოზიციური პარტიების მიმართ არის, უნდობლობა არის მმართველი პარტიის მიმართ, კრიტიკულ ზღვარზეა. ოპოზიციას ყველაზე მეტად რაც სჭირდება, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, ბევრი დრო არ არის ხომ დარჩენილი, როგორ მოახერხოს ისე გადაწყობა ამ რთული საარჩევნო მოცემულობისა და პირობების გათვალისწინებით, რომ არ იყოს ბევრი არჩევანი, იმიტომ, რომ ბარიერი მაღალია. ეს არ არის ნორმალური, რომ ასეთი სუსტი პოლიტიკური სისტემის, დემოკრატიის, სასამართლოს თავისუფლების არ არსებობის პირობებში ასეთი მაღალი ბარიერია. ეს რთული გამოწვევაა. მე არ ვიცი, რას ვიზამ მომავალ არჩევნებზე, მაგრამ ვინც აპირებს და გადაწყვეტილი აქვს 2024 წლის არჩევნებში იყოს სუბიექტი, მათ მოუწევთ ამ ცვლილებების გამო, დატოვონ საკუთარი პარტია და სხვა პარტიაში შევიდნენ. იძულებული იქნებიან ოპოზიციური პარტიები ეს გააკეთონ. ბევრს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა უდგას. ეს არის ფორმა, რომლითაც უნდა დაუპირისპირდე მანკიერ საარჩევნო სისტემას. ამ სწორ ფორმას სჭირდება შინაარსი ანუ რა პროგრამით, ხედვით მოდიხარ.
მე მაქვს ჩემი ფორმულა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ცალ-ცალკე არჩევანი იქნება. ამის მიღმა ვხედავ ორ შესაძლო არჩევანს, კოალიციური ფორმის ფორმატს. პრეზიდენტს ცალკე განვიხილავდი. პირველი: აქეთ ვხედავ გიორგი გახარიას, მასთან ერთად ინდივიდებს, მათ, ვინც „ქართული ოცნება“ დატოვა. ესენი ახლოს არიან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გემოვნებასთან. ამას დამატებით, პატარა პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ არენაზე არიან სუსტად, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიისა და წარსულისგან შორს. მგონია, რომ ასეთი პარტიები ყველა ერთად შეიძლება. აქ იქნება თუ არა „ლელო“ და მოახერხებს თუ არა გახარიასთან ერთად ერთ პლატფორმაზე ყოფნას, არ ვიცი და მეორე, თუ ვერ მოახერხებს და „ლელო“ დარჩება ცალკე, მასთან ერთად შეიძლება იყვნენ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც აქეთ ვერ იქნებიან. ნიკა მელიას ორივეგან აქვს შანსი.
რაც შეეხება პრეზიდენტს, კონსტიტუციით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი იქნება არჩევნების დღეს. ჯერ უნდა აირჩეს ახალი პარლამენტი და შემდეგ მალევე იწყებს ის პრეზიდენტის არჩევას. არჩევნების დღეს ქვეყანას სჭირდება ისეთი ძლიერი საყრდენი, დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც გარანტი იქნება, რომ არჩევნების გაყალბების დღეს იტყვის, თუ გაყალბდა და არჩევნებამდე შექმნის გარემოს, შეუწყობს ხელს. ის იქნება გარკვეული მედიატორი. ძალიან მომწონს თუ ამ ფორმულით მივალთ არჩევნებზე. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პრეზიდენტმა თქვას მისი კეთილგანწყობა რომელი პლატფორმისკენ იხრება და მხარი დაუჭიროს რომელიმე გაერთიანებას.[…]მე ვურჩევდი ოპოზიციას, წაიკითხონ კანონპროექტები პარლამენტში, რასაც მმართველი პარტია მანიპულირების გზით ახერხებს, რომ შემოიტანოს და გაუწიონ წინააღმდეგობა. არ შეიძლება კანონების ისე მიღება, რომ არ კითხულობდე, იქ რა წერია. არ მინდა ვაკრიტიკო ახლა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, იქ რამდენიმე დეპუტატი ნამდვილად აქტიურია, განსაკუთრებით ქალი დეპუტატები. მე როცა უმრავლესობაში ვიყავი, არაჩვეულებრივი ცვლილებები მივიღეთ – ოპოზიციისთვის ბერკეტი. ეს ოპოზიციისთვის კი არა, დემოკრატიისთვის გავაკეთეთ და რასაც ოპოზიცია უნდა იყენებდეს. მათ რომ უნდოდეთ, იცით როგორ კრიზისს შეუქმნიან პარლამენტის უმრავლესობას?! თუნდაც იმიტომ, რომ არ იხილება ის კანონპროექტები, რაც პარლამენტში შეიტანეს. 50 -ზე მეტი მანდატი აქვთ. ბიუროს სხდომაზე, საკომიტეტო სხდომაზე, სასესიო სხდომაზე რამდენიმე დეპუტატი დადის. ძალიან კარგად ვიცი, რამხელა ძალა აქვს რამდენიმე ოპოზიციურ მანდატსაც კი, ყველგან შეუძლიათ შეუქმნან პრობლემა. შეუძლიათ აიძულონ მმართველი პარტია, შეასრულოს კანონპროექტის განხილვის ვალდებულება. ძალიან ბევრი მექანიზმია – დაბარებები, მოსმენები, გამოძახებები, ინიციატივები, განცხადებები. ყველა ფორმატში უნდა ვხედავდეთ ბრძოლას. როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით, სამი-ოთხი დეპუტატი, როცა უმრავლესობას გამოვეყავით. კომიტეტის სხდომაზე ცარიელ დარბაზს ვხედავ და ერთი-ორ ოპოზიციონერს, რატომ? მგონია, რომ არ არის სწორი 4-5 დეპუტატზე რომ გადადის 50 მანდატი. დროებით კომისიას შექმნიდნენ, ყოველდღე ახალ დღის წესრიგს შესთავაზებდა ოპოზიცია მმართველ პარტიას. თემატური მოკვლევები, გამოძიებები, დაბარებები, ამას რომ არ იყენებენ…მარტო პარლამენტის ტრიბუნასთან კომენტარების გაკეთება არ არის საკმარისი და რამდენიმე დეპუტატის აქტიურობა. გამოიყენეთ საპარლამენტო ბერკეტები! ეს იქნება ჩემი მოკრძალებული რჩევა“,
აცხადებს პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია.