ორბანმა მითხრა, 9 მაისს ყველაფერი დასრულდებაო – პაპი ფრანცისკე ომზე

რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უთხრა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 9 მაისს დასრულდება. ამის შესახებ უკრაინული მედია European Truth იტალიურ გამოცემაზე დაყრდნობით იუწყება.

“ორბანს როცა შევხვდი, მითხრა, რომ რუსებს გეგმა აქვთ, 9 მაისს ყველაფერი დამთავრდებაო. ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა, ჩვენც გავიგებთ ამ დღეების ესკალაციის სიჩქარეს. იმიტომ, რომ ახლა ეს არ არის მხოლოდ დონბასი, ეს არის ყირიმი, ეს არის ოდესა, ის ართმევს უკრაინას შავი ზღვის პორტს, სულ ეს არის. მე პესიმისტი ვარ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის შესაჩერებლად”,– თქვა პაპმა.

მანვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, თუმცა პაპის თქმით, უკრაინაში ჩასვლას ჯერჯერობით არ გეგმავს.

რუსეთის საგარეო მინისტრის სერგეი ლავროვის განმარტებით, ისინი ოპერაციას 9 მაისისთვის ხელოვნურად არ დააჩქარებენ.

ცნობისთვის, დასავლეთისა და აშშ-ს ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ შესაძლოა პუტინმა 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს.