„ქართული ოცნება” საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
“როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” გადასინჯვას შეეხება.
შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება.
სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.[…]
ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.
ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის [ე.წ. “პივიტის”] გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.” – განაცხადა კობახიძემ.