რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, სერგეი ნარიშკინი ამბობს, რომ ვაშინგტონში ქართული ოცნებით უკმაყოფილოები არიან, რადგან მმართველი პარტია უპირობოდ არ მიყვება ევროინტეგრაციის კურსს.
“ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან აშშ მიეჩვია “ხელჩართულ რეჟიმში” მართოს საქართველოში პოლიტიკური პროცესები, უკარნახოს, როგორ იმუშაოს ხელისუფლებამ და რა ხაზი გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებით. ბოლო დროს ვაშინგტონში მმართველი პარტიის ქართული ოცნების მოქმედებების გამო უკმაყოფილება იზრდება, ქართული ოცნება თავს არიდებს უპირობოდ ამერიკული მოთხოვნების შესრულებას. თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან, რომ “მეოცნებეები” სრულიად არ ასრულებენ მითითებას, უპირობოდ მიყვნენ ევროინტეგრაციის კურსს”,- წერია რუსეთის დაზვერვის სამსახურის ვებ გვერდზე.
მისივე თქმით, აშშ ევროპელ პარტნიორებს ოპოზიციის მხარდასაჭერად განაწყობს.
“საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ დაიწყონ სისტემურად მუშაობა ოპოზიციის მხარდასაჭერად და ამავდროულად ძირი გამოუთხარონ ქართული ოცნების პოზიციას. ევროპელ პარტნიორებს აშშ განაწყობს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში ღიად უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თეთრი სახლის თბილისთან ურთიერთობის შემდგომი ხაზი დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნაზე, ზუსტად შეასრულოს ამერიკული მითითებები.
საქართველოს მაგალითი მოწმობს იმას, რომ ცალკეული ნაციონალური ელიტების სურვილი, გამოიყენონ ვაშინგტონის პატრონაჟი თავიანთი ამჟამინდელი ამოცანების გადასაჭრელად სწრაფად იწვევს დე ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვას და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას როგორც საგარეო ასპარეზზე და საკუთარ ქვეყანაში”,- აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი.