“ოცნება ჯერჯერობით მხოლოდ ცესკო-ს რეფორმაზე საუბრობს, ეს ვითარებას ვერ განმუხტავს” – ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემაში კომენტარი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ოთხ პუნქტიან შეთავაზებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათგან რომელიმე პირობის ამოკლების შემთხვევაში, შეთანხმება ვერ შედგება.
“ჩვენი შეთავაზება მოიცავს ოთხ პუნქტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პუნქტებიდან შეიძლება რაიმე ამოვარდეს. მხოლოდ 1 პუნქტს აქვს ორი ვარიანტი – რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი არჩევნების შესახებ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ცესკო-ს რეფორმას, ეს არის საკითხები, რომელთა მოკლებაც ნიშნავს პირობის დარღვევას. მარტივად რომ ვთქვათ, რიგგარეშე არჩევნები თამარ ჟვანიას პირობებში არ ჩატარდება, ამას არ დავთანხმდებით, ისევე როგორც მარტო ცესკო-ს რეფორმას რიგგარეშე არჩევნების გარეშე. ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აუცილებელი წინაპირობაა, თუ გვინდა ვირწმუნოთ, რომ ოდნავ მეტნაკლებად ნორმალურ ვითარებაში ტარდება არჩევნები. ისინი ჯერჯერობთ საუბრობენ მხოლოდ ცესკო-ს რეფორმაზე. ეს სიტუაციას ვერ განმუხტავს. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა ჩვენი აზრი, მარტო ცესკო-ს რეფორმა არ არის ის, რის გამოც ბოიკოტი შეწყდება. ეს პარლამენტი არ და ვერ გაპრავდება მხოლოდ ცესკო-ს რეფორმით. კლასიკური რუსული მეთოდი – ‘მოდი ბიჭებო თქვენ ახლა ეს გადაყლაპეთ და მე რაღაც რეფორმას მოგიგდებთ’– არ გამოვა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.