პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნით დესტრუქციული გზა აირჩია.
„ოპოზიციისთვის ირაკლი კობახიძე მხოლოდ მისალოცია, რადგან „ოცნებამ“ ამით დესტრუქციული გზა აირჩია. რადგან კობახიძე კოლექტიური ზარდიაშვილების ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, ვინც გარდა იმისა, რომ გასაშვები ადამიანების სიებით დარბოდა პერიოდულად ივანიშვილთან, ახალგაზრდებთან კომუნიკაციაც კი არ შეუძლია. ისტერიკაში ვარდება ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენის დროს და უბრალოდ გარბის”,– ამბობს ჭიჭინაძე.
მისივე განცხადებით, ივანიშვილს აგულიანებენ, რომ აშშ–ს მთავრობასთან დაპირისპირებისთვის არ სცალია, თუმცა ივანიშვილმა წითელი ხაზები გადაკვეთა და ამისთვის დაისჯება.
“მოკლედ, „ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე სახეზეა და იკითხონ მათ, ვისი ცხოვრებაც და პოლიტიკური მომავალიც პირდაპირ ივანიშვილზეა მიბმული, თორემ საქართველო ამ გაუგებარ მმართველ ჯგუფამდეც არსებობდა და მერეც იარსებებს. რაც შეეხება დასავლეთთან მიმართებაში, აშკარაა, რომ ვიღაცები აგულიანებენ ივანიშვილს, თვითონ აშშ-შია დაპირისპირება და ჩვენთვის არ სცალიათო. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ დასავლეთს ყოველთვის სცალია ჩვენთვის!
ეს გლობალური სამყაროს ნაწილია, სადაც თავისი თამაშის წესებია და რომელსაც თავის დროზე სწორედ ივანიშვილმა მოაწერა ხელი. ამ წესების დარღვევა არ აპატიეს სააკაშვილს, მათი მეშვეობით მოვიდა ივანიშვილი და თუ ახლა დააიგნორებს, ის სერიოზულად დაისჯება. არადა, წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია“,- ამბობს დავით ჭიჭინაძე.