“ქართულმა ოცნებამ” “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენითაც მიიღო. მას მხარი 74 დეპუტატმა დაუჭირა, კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი კი პარლამენტის 22 წევრი იყო.
”არა ახალ რუსულ კანონს! საქართველოს ევროპული მომავლისთვის!” – ამ სახელწოდებით პარლამენტთან დღეს, საღამოს 20 საათზე აქცია ჩაინიშნა. ინფორმაციას მოძრაობა “ნაბიჯი” ავრცელებს:
- “დღეს, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით, რათა არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში ავტოკრატია და დიქტატურა, არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, მოუწყოს საბოტაჟი საქართველოს ევროპულ მომავალს. ერთად დგომა უმნიშვნელოვანესია, ვანახოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ დავუშვებთ ახალი “რუსული კანონის” მესამე მოსმენით მიღებას!
ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, 20:00 საათზე, პარლამენტთან!” ნათქვამია ინფორმაციაში.
კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”.
კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები 14:00 საათიდან არიან შეკრებილები.