“ოცნებამ” მიიღო კანონი, რომლითაც აქციებზე პიროტექნიკა, ლაზერები და ნიღბები იკრძალება

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც აქციებზე პიროტექნიკის, ლაზერის ქონა, ნიღბების ტარება იკრძალება.

პაკეტს ქართული ოცნების 82-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის საკითხების დარეგულირებას.

​ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომლის “გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას” ან/და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას, ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.