“ოცნებამ” ხაშურის წყალმომარაგებისთვის საფრანგეთისგან 30 მლნ ისესხა

საქართველომ ხაშურისა და ახლო მდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების პროექტის დასრულებისთვის საფრანგეთისგან 30 მილიონი ევრო ისესხა.  ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ შესაბამისი ხელშეკრულება უწყებამ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ფული 20 წლით ისესხა.

”საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება ხელმოწერილია და დადგენილი წესით რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს არაერთ საინვესტიციო პროექტს საგზაო, ენერგეტიკის, წყლის ინფრასტრუქტურის, ირიგაციის სისტემების და სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.

საინვესტიციო პროექტებისთვის სასესხო შეთანხმებების მომზადება რეგულარულად ხდება და მოიცავს მთელ რიგ პროცედურებს როგორც დონორის მხრიდან, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დასაცავად, როგორიცაა ხელმოწერის უფლებამოსილება, რატიფიცირება და ა.შ.

საქართველოს მთავრობის მიერ მუშაობა საინვესტიციო პროექტებზე და მათ დასაფინანსებლად შესაბამისი ინსტრუმენტების მოძიებაზე ბუნებრივია გრძელდება მუდმივ რეჟიმში, მათ შორის საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) („ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება) ხელი მოეწერა 2020 წლის 31 ივლისს  და მოიცავს 58 მლნ ევროს ოდენობის სესხს, საიდანაც შესრულებული სამუშაოებისთვის დღეის მდგომარეობით ჩამორიცხულია 21.4 მლნ ევრო.
ამჟამად ხელმოსაწერად მომზადდა მეორე ეტაპისთვის საჭირო რესურსი, რაზეც მუშაობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) დაიწყო 2023 წლიდან (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 ნოემბრის N2072 განკარგულების საფუძველზე) ორივე მხარის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად და ითვალისწინებს მეორე ეტაპის სამუშაოების დაფინანსებას 30 მლნ ევროს ოდენობის სესხით.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 აგვისტოს განკარგულება, გულისხმობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემას საკრედიტო შეთანხმების დადების მიზნით, რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალურ პროცედურას.

აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემამდე და დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ხელშეკრულება დადგენილი წესით გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის, – წერს ფინანსთა სამინისტრო.