„ყოველთვის ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის სიმბიოზი. წარმოიდგინეთ, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვთ აბსოლუტურად საერთო ინტერესი, რომ სალომე ზურაბიშვილს როგორმე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა ჩამოართმევინონ. „ქართული ოცნება“ ამით ძალიან დიდ უხერხულობას მოიხსნის, იმიტომ, რომ მათი ამოცანაა ფარცხალაძის თემის გადაგორება და ჩაფარცხვა, სალომე ზურაბიშვილი კი საკუთარი გადაწყვეტილებით ამის შესაძლებლობას არ აძლევს. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იაფფასიანი ამოცანა, როგორმე ერთჯერადი, მოკლევადიანი გამარჯვება გამოაცხადოს და სახელმწიფოებრივად ეს რომ საზიანოა… ფაქტობრივად, ეს ორი ძალა სხვადასხვა ინტერესითაა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათი პოლიტიკური ტაქტიკა ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის.

სინამდვილეში, ერთადერთი, ვინც სახელმწიფოს ინტერესიდან ამოდის, სალომე ზურაბიშვილია. ის იქცევა აბსოლუტურად სწორად, იმიტომ, რომ ხელისუფლება ძალიან სერიოზულ დისკომფორტშია. ამ ორი თვის განმავლობაში ხელისუფლებას აქვს არჩევანი, გააუქმოს ავადსახსენებელი ბრძანება ან უნდა გამოაცხადოს რომ ფარცხალაძე არის ჯაშუში. ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი თავისი გადაწყვეტილებით ხელისუფლების იძულებას ახდენს და არავინაა ისეთი სულელი, რომ ეს არ ესმოდეს. თავს ისულელებენ, იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან პრეზიდენტი რას აკეთებს. ორივეს ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური ამოცანები აქვს და არა რაღაც სახელმწიფოებრივი. ასეთი სევდიანი სურათი გვაქვს. როცა პოლიტიკური ელიტა დაკავებულია არა გაჯანსაღებით, არა სახელმწიფოებრივი ამოცანებით, არამედ პოლიტიკური „იწილო ბიწილოთი“ და მზად არიან ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ინტერესები საკუთარ ინტერესს გადააყოლონ.

კიდევ არის მეორე პრობლემა – ოპოზიციას მხოლოდ საკუთარი თავი წარმოუდგენია ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად. ამ დროს სალომე ზურაბიშვილი იწყებს თამაშს, შემოდის ქართულ საჭადრაკო დაფაზე როგორც რეალური და უკვე საკმაოდ ძლიერი მოთამაშე – ელემენტარულად ეჭვიანობენ. ამის გამო ხდება ყველაფერი, ძალიან ვიწროპარტიული ინტერესების გამო დღეს ყველა ლანძღავს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც სწორ ნაბიჯებს დგამს და ზუსტად ეს აშინებს ოპოზიციას. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ ჯიუტი ადამიანია. ის ასე ადვილად არ დათმობს ამ ყველაფერს და ცოტა ხანში ჩვენ დავინახავთ, რომ მისი ეს გადაწყვეტილებები ნამდვილად იყო სწორი“,

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც ის პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამოართვა.